Piaggio Aerospace, რომელიც იტალიის აერონავტიკაში წამყვანი მწარმოებელია, 2014 წლიდან აბუ-დაბის სუვერენული ფონდის, Mubadala-ს საკუთრებაშია, თუმცა კომპანიას ზრდის მდგრადი ტემპი არ დაუფიქსირებია. ამიერიდან კომპანიას თურქული Baykar გაუძღვება, რომელსაც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიძე, სელჩუკ ბაირახტარი ხელმძღვანელობს.
გარიგების ფარგლებში რომმა “ოქროს ძალის” უფლებამოსილება გამოიყენა და თურქულ კომპანიას სპეციალური პირობები დაუწესა, რომელთა შესრულებაც Baykar -სთვის სავალდებულოა როგორც შესყიდვის, ასევე სამომავლო ოპერაციების დროს.
როგორც მოსალოდნელია, ტრანზაქცია ივნისის ბოლომდე დასრულდება, თურქული კომპანია კი Piaggio-ს 1 ივლისიდან ჩაუდგება სათავეში. ახალი გარიგებით, იტალიური კომპანიის 50%-იანი წილი Baykar-ის ახლად შექმნილი შვილობილის საკუთრებაში გადადის, 50%-ს კი სელჩუკ ბაირახტარი და მისი ძმა გაიყოფენ. მმართველობის გადაბარებიდან ორი წლის განმავლობაში, ახალი მფლობელი Piaggio Aerospace-ს რესტრუქტურიზაციას გეგმავს.
Baykar-ის მიზანია, მაღალი ალტიტუდისა და რადიუსის მქონე დრონების წარმოება ჩრდილოეთ იტალიაში გადაიტანოს. შეთანხმება ასევე თავდაცვის გიგანტთან, Leonardo-სთან თანამშრომლობის საშუალებას იძლევა.
Leonardo-მ და Baykar-მა მომავლის თაობის ავტომატური საჰაერო სისტემების (UAV) შესაქმნელად მემორანდუმი მარტში გააფორმეს. მხარეებმა საერთო საწარმო LBA Systems დააფუძნეს, რომლის საერთაშორისო დებიუტიც 16-22 ივნისს, პარიზის საჰაერო შოუზე შედგება და იტალიისა და თურქეთის პარტნიორობაში ახალ ნიშანსვეტს დასვამს. პრესტიჟულ საავიაციო გამოფენაში ეს Baykar-ის პირველი წარმომადგენლობა იქნება.
“Leonardo-სა და Baykar-ს შორის არსებული ძლიერი სინერგია ამ საერთო ვენჩურის მთავარი სიძლიერეა. ვაერთიანებთ Leonardo-ს განვითარებულ ტექნიკას, სენსორებს, კამერასა და ტექნოლოგიებს Baykar-ის სხვადასხვა ზომისა და შესაძლებლობის UAV პლატფორმებთან”, – განაცხადა Leonardo-ს CEO-მ X-ზე.
Baykar-ს Bayraktar TB2-ის ექსპორტზე შეთანხმება 35 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული, რითაც კომპანია UAV-ის ექსპორტიორებს შორის გლობალური ლიდერია. იტალიურ Leonardo-სთან გაფორმებული მემორანდუმით, ახალი კომპანია ევროპის და საერთაშორისო ბაზარს დაფარავს.