დღესვე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოში არსებულ სიტუაციაზე დებატები და „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე კენჭისყრა 10 აპრილამდე გადაიდო.
„დღეს ჩვენი კონტინენტი და ჩვენი ორგანიზაცია გადამწყვეტი მომენტის, სიმართლის მომენტის წინაშე დგას. აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ უარი თქვა მისიაზე დაეხმაროს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს საზღვარგარეთ. მისი ლიდერები საჯაროდ თავს ესხმიან პროგრესულ ძალებს, საჯაროდ უტევს ჩვენს ღირებულებებს და ჩვენი წევრი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას, მხარს უჭერენ ექსტრემისტებს, ქსენოფობებს და კარტ-ბლანშს აძლევენ დიქტატორებს.
სამოქალაქო საზოგადოებები აგრძელებენ წინააღმდეგობას მცოცავი დემოკრატიული უკუსვლის წინააღმდეგ. ხალხი დაჟინებით აგრძელებს პროტესტს ქუჩებში. უნგრეთიდან საქართველომდე, სერბეთიდან სლოვაკეთამდე და თურქეთამდე, რას ითხოვენ ისინი? არა ეკონომიკურ პრივილეგიებს და სოციალური შეღავათებს, მათ სურთ ამ ორგანიზაციის ღირებულებების პატივისცემა, რაც არის ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა. მათ სურთ თავიანთი როლის, როგორც პოლიტიკური ძალაუფლების წყაროს აღიარება. სურთ, მათი ხმა გაგვაგონონ მათ შორის ჩვენ.
ევროპის საბჭო ერთის მხრივ ჩამოყალიბებულია როგორც დიპლომატიური და პოლიტიკური ასამბლეა, ამიტომ ჩვენ ყველანი აქ ვართ დიალოგისთვის. მეორე მხრივ, ჩვენი ორგანიზაცია ნაგულისხმევია როგორც ქვეყნების კლუბი, რომლებიც პატივს სცემენ საერთო ღირებულებებსა და სტანდარტებს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში.
არავინ აიძულებს ქვეყნებს ევროპის საბჭოში გაწევრიანებას, მაგრამ თუ ისინი ამას აირჩევენ, პატივი უნდა სცენ ჩვენს სტანდარტებს. გვესმის ჩვენი კოლეგების, რომლებიც ამბობენ, რომ ყველა ქვეყანასთან დიალოგი უნდა გვქონდეს. მაგრამ ვინ ისაუბრებს ამ ქვეყნების ხალხთან, როცა მათი მთავრობა მათ უგულებელყოფს? უნდა დაველოდოთ, რომ პროდემოკრატიული პროტესტი შეწყდეს და შემდეგ განვაახლოთ საუბარი მთავრობასთან, რომელიც იგნორირებას უკეთებს საკუთარ ხალხს? სტაბილურობას ვეთაყვანებით, თუნდაც ის პოლიციის ხელკეტებით, წყლის ჭავლისა და ხმოვანი მანქანებით იყოს მიღწეული? თუ ვდგავართ დემონსტრანტების გვერდით, რომლებიც საფრთხეს უქმნიან თავიანთ თავისუფლებას და ჯანმრთელობას სწორედ იმ ღირებულებების გამო, რომლებზეც ჩვენ ასე ძლიერად და ხშირად ვლაპარაკობთ აქ?
ჩვენ პარლამენტარები ვართ. უნდა დავაფიქსიროთ მტკიცე პოზიცია იმის საფუძველზე, რისიც გვწამს და რისი გასაკეთებლად გამოგვზავნეს აქ დავიცვათ დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. ღირებულებებზე დაფუძნებული მიდგომაა ჩვენთვის დამახასიათებელი. ამიტომ ნუ გვეშინია. ვისაუბროთ უსამართლობის, ძალადობის, სისასტიკის, სიცრუის, ძალაუფლების ხელში ჩაგდების, უმცირესობების უპატივცემულობის წინააღმდეგ. თუ ჩვენ გვჭირდება დელეგაციების რწმუნებათა სიგელების გასაჩივრება, მოდით გავაკეთოთ ეს თუ საჭიროა. თუ ჩვენ გვჭირდება ერთობლივი პროცედურების დაწყება, იმ სახელმწიფოების წევრობის შეჩერება, რომლებიც აშკარად უგულებელყოფენ ჩვენს სტანდარტებს და უარს ამბობენ თანამშრომლობაზე, მოდით გავაკეთოთ ეს. ნუ გვეშინია.
შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭო რუსეთთან დიალოგს 2022 წლის მარტამდე აგრძელებდა. ამან ხელი არ შეუშალა რუსეთის ჩარევას ჩვენს არჩევნებში. ამან ხელი არ შეუშალა საქართველოს წინააღმდეგ ომს, ყირიმის ანექსიას და სრულმასშტაბიან აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ”, – განაცხადა მან სიტყვით გამოსვლისას.
2025 წლის ზამთრის პლენარული სესიის გახსნის დღეს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება გასაჩივრდა. საბოლოოდ, PACE-მ გადაწყვიტა, რომ „ქართული ოცნების” დელეგაციას მომდევნო სესიამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნებოდა, სრულად რატიფიცირებისთვის კი კონკრეტული წინაპირობები უნდა შესრულდეს დემოკრატიულ გზაზე დასაბრუნებლად. 114 ხმით 13-ის წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციით, საპარლამენტო ასამბლეა მოითხოვს “ქართულმა ოცნებამ” მიმდინარე წლის აპრილამდე ხელახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს და პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს. ამასთან, PACE საქართველოს ოფიციალური პირებისგან მოითხოვს დაუყოვნებლივი და ეფექტიანი ნაბიჯები გადადგან, რათა საშუალება მისცენ საქართველოს განაახლოს ევროპული ინტეგრაციის გზა. როგორც წულუკიანმა თქვა, დოკუმენტის დათქმები მიუღებელია.