თუ უბალანსობაზე ვიქნებით პასუხისმგებლები, მაშინ ტარიფიც უნდა გადაიხედოს – თორნიკე ბახტურიძე

თუ უბალანსობაზე ვიქნებით პასუხისმგებლები, მაშინ ტარიფიც უნდა გადაიხედოს – თორნიკე ბახტურიძე

თუ უბალანსობაზე ვიქნებით პასუხისმგებლები, მაშინ ტარიფიც უნდა გადაიხედოს – თორნიკე ბახტურიძე

„ჩემი აზრით, ბაზარი უნდა გაიხსნას, მაგრამ ვისურვებდი, რომ უბალანსობაზე პასუხისმგებლობა საწყის ეტაპზე დაკისრებული არ იყოს“ – ასე უპასუხა კომპანია „უსასრულო ენერგიას“ დამფუძნებელმა ენერგეტიკული ბირჟის სრულყოფილად ამოქმედების შესახებ Bm.ge-ის კითხვას. მისივე თქმით, ფინანსური ხარჯი ბუნებრივია ელექტროენერგიის ტარიფზე აისახება.

როგორც ცნობილია, ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი 2024 წლის პირველი ივლისიდან მოქმედებს, 2025 წლის 1 ივლისიდან კი ბაზრის კონცეფციის მიხედვით, საბალანსო ბაზარი უნდა გაიხსნას და ზოგიერთმა ბაზრის მონაწილემ ბირჟაზე სავალდებულო წესით უნდა ივაჭროს.

1 ივლისიდან დაგეგმილია ამოქმედდეს უბალანსობაზე პასუხისმგებლობაც. ეს ნიშნავს, რომ გენერაციის ობიექტებს და მსხვილ მომხმარებლებს ყოველსაათობრივად მოუწევთ პროგნოზის გაკეთება, ელექტროენერგიის წარმოების და მოხმარების შესახებ. ელექტროენერგიის მწარმოებლების მხრიდან სწორედ აღნიშნული წარმოადგენს ერთ-ერთ კრიტიკულ საკითხს.

„ჩემი აზრით, ბაზარი უნდა გაიხსნას, მაგრამ ვისურვებდი, რომ საბალანსო პასუხისმგებლობა არ ყოფილიყო საწყის ეტაპზე დაკისრებული ბაზრის მონაწილეებისთვის. ეს მომხარებლისთვისაც შეიძლება პრობლემა იყოს, პირდაპირი მსხვილი მომხმარებლებისთვისაც და ასევე გამყიდველისთვისაც.

განახლებადი ენერგიის წყაროებისთვის, რომლებსაც არ აქვთ გამომუშავების მუდმივი გრაფიკი პროგნოზირება ყოველ საათში მიწოდებული ენერგიის რაოდენობის არის პრაქტიკულად გამორიცხული. ვაცნობიერებთ, რომ თუ დაგვეკისრება პასუხისმგებლობა, ეს არის ფინანსური ხარჯი. ფინანსური ხარჯი ყოველთვის თავს იყრის ენერგიის ტარიფში. ერთი მხრივ ჩვენ უკვე დაფიქსირებული გვაქვს 6 ცენტი და ეს იმ გარემოებებში, რომ უბალანსობაზე პასუხისმგებლობა ჯერ არ არსებობს. ეს ყველაფერი თავს იყრის ტარიფში, თუ უბალანსობაზე ვიქნებით პასუხისმგებლები, მაშინ ტარიფიც უნდა გადაიხედოს.

არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ 6 ცენტი ძალიან დიდი ტარიფია, პირიქით ეს არის შესაძლო მინიმალური ტარიფი, ამის ქვემოთ პრაქტიკულად წარმოუდგენელია პროექტების განხორციელება და ესეც იმ დაშვებით, რომ ბაზარზე ყველაზე იაფი აღჭურვილობის შესყიდვის პირობებში. ქარის ენერგიის პირობებში ეს ნიშნავს ჩინურ და სხვა აზიური წარმოშობის პროდუქციის შესყიდვას და მონტაჟს, რაც შინაარსობრივად ცუდი არ არის, მაგრამ მოწინავე ტექნოლოგიები ევროპულია და 6 ცენტით ევროპული ტურბინების შესყიდვა და ასეთი პროექტების მშენებლობა პრაქტიკულად გამორიცხულია“, – აცხადებს თორნიკე ბახტურიძე.

ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორი ზუსტად ვერ ამბობს, რა იქნება უბალანსობაზე პასუხისმგებლობა, თუმცა მისი თქმით, კერძო სექტორის მხრიდან უბალანსობასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ შეფასებები გადაჭარბებულია.

„ეს შეგვიძლია შევადაროთ მაგალითად იმ ნაგავს, რომელიც სამშენებლო სამუშაოების შემდეგ რჩება. შემიძლია გავყიდო ის, თუ ვიღაცას სჭირდება, ან თუ ვიღაცას არ სჭირდება, მისი მოშორება დამატებითი ხარჯია ჩემთვის. ზუსტად ასეა ელექტროენერგიის შემთხვევაში. მე თუ ვიყიდე ენერგია და არ მოვიხმარე, ის შეიძლება იქცეს ჩემთვის სარგებლის მომტანად, გადამიხადონ შეიძლება იმაზე მეტიც კი, ვიდრე მე ვიყიდე, ან შეიძლება იქცეს სისტემისთვის ხარჯად, რომელიც მე უნდა ავანაზღაურო. ანუ ზედმეტი ენერგიის მოშორების ტვირთი მე უნდა ვიკისრო. ეს არის უბალანსობა, რომელიც მონაწილეებს შეიძლება გაუჩნდეთ.

მე ვფიქრობ, გადამეტებულად აფასებენ უბალანსობის ხარჯს მონაწილეები. თუ შევხედავთ მოდელირებას, თუ შევხედავთ პრაქტიკას, რომელიც არის ევროპულ ბაზრებზე, უბალანსობის ხარჯი არ არის პირდაპირპროპორციული უბალანსობის ცდომილების. შეიძლება მქონდეს უბალანსობის ცდომილება 15%, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი ფინანსური ზიანი შესყიდვის ფასის მხრივ, მაგალითად, იქნება 15%. შეიძლება იყოს ბევრად ნაკლები, 2-3-5%. ეს დამოკიდებული არ არის მხოლოდ ჩემს უბალანსობაზე, დამოკიდებულია ზოგადად ყველა მონაწილე სისტემაში როგორ იქცევა“,-აცხადებს ირაკლი გალდავა.

რა მოდელით გააგრძელებს ენერგეტიკული ბირჟა მუშაობას ან ხომ არ გადავადდება მისი სრულყოფილი გახსნა, ამაზე ზუსტი პასუხი დღეს არ არსებობს. საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორი ამ ეტაპზე ვერ საუბრობს, რა მოდელით გააგრძელებს მუშაობას ბირჟა და არც იმას ადასტურებს, რომ მისი გახსნის გადავადებაზე მიდის საუბარი.

არსებული ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უნდა შეაფასოს, საჭიროებს თუ არა ბირჟის არსებული მოდელი გადახედვას და მზად არის თუ არა ქვეყანა ბაზრის სრულყოფილი გახსნისთვის.

არ გამოვრიცხავ, ენერგეტიკული ბირჟის სრულად ამოქმედების გადავადება დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დადგეს – მელიქიძე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *