“საქართველოში თხილის მოხმარება კვლავაც დაბალ ნიშნულზეა, რის გამოც მოსავლის დაახლოებით 95% ექსპორტზე გადის”, – ამის შესახებ თხილის საწარმო “აგრითრეიდის” და “ჯორჯიან პროდაქტს რენესანსის” დამფუძნებელმა, ბაია სალუქვაძემ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
„ჯერ კიდევ 2 თვე გვაქვს ამ წლის მოსავლის რეალიზაციისთვის და ვფიქრობთ, რომ მაისი-ივნისის პერიოდში დარჩენილ რაოდენობასაც ამოვწურავთ. პროგნოზისათვის ჯერ ადრეა, თუმცა გვაქვს იმედი, რომ მომავალ წელსაც ხარისხიან მოსავალს მივიღებთ“, – განაცხადა სალუქვაძემ.
მისივე თქმით, თხილზე ფასმა სტაბილურობა შეინარჩუნა, რაც დიდწილად განპირობებულია ევროპული ბაზრების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნით. ამრიგად კომპანიას ფასები არ დაუკორექტირებია.
„თხილის ჭრილში მოსავალი დროულად დავაბინავეთ აგვისტოში, ხოლო სექტემბრიდან დავიწყეთ აქტიური ექსპორტი. აგვისტოდან დღემდე, საქართველოდან დაახლოებით 14 000 ტონა თხილი გავიდა ექსპორტზე, რაც გასულ წელთან შედარებით მატებას ნიშნავს“, – აღნიშნა სალუქვაძემ და დასძინა, რომ საექსპორტო მიმართულებებში ტრადიციული ევროპული ბაზრების გარდა, წელს კომპანიამ პროდუქცია შეიტანა ახალ ბაზრებზეც, მათ შორის ახალ ევროპულ ბაზრებზეა საუბარი. ამასთან, იგეგმება აზიურ ბაზრებზე გასვლაც.
„დაემატა ესპანეთისა და პოლონეთის ბაზრები, ასევე ვიწყებთ აქტიურ მუშაობას აზიური ქვეყნების მიმართულებით. რაც სასიხარულოა, რადგან ბაზრების დივერსიფიკაცია ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა“, – განაცხადა ბაია სალუქვაძემ.
ინფორმაციისთვის, 2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 23 აპრილამდე პერიოდში, საქართველოდან თხილის ექსპორტმა 16.0 ათას ტონას მიაღწია, რაც 20%-ით (2.7 ათასი ტონით) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს – ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 26.5 მლნ აშშ დოლარითაა (36%-ით) გაზრდილი ექსპორტირებული თხილის ღირებულებაც და 100.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.