ქართულ სამშენებლო ბაზარზე ახალი კომპანია “Figurebi Construction” შეიქმნა, რომელიც “იბერკომპანი ჰოლდინგის” ქვეშ ოპერირებს. როგორც ჰოლდინგური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ლევან დიასამიძე BMG-სთან აცხადებს, ახალმა კომპანიამ ISO სერტიფიცირებაც გაიარა და მისი მიზანია, “ფიგურები საბურთალოს” მშენებლობის დასრულება დათქმულ ვადებში უზრუნველყოს.
“ქართული რეალობიდან გამომდინარე, მოგვიწია სამშენებო სექტორში შესვლა, შევქმენით კომპანია “ფიგურები კონსტრაქშენი” და მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენვე აგვეშენებინა “ფიგურები საბურთალო”. დღეს ბაზარზე რეალობა საკმაოდ რთულია, სამართავად პროცესებიც რთულია, ამიტომ გავიღეთ ინვესტიცია, $3.5 მილიონამდე და შევიძინეთ ყველა საჭირო ტექნიკა.
პროცესები ავაწყვეთ იმდაგვარად, რომ არსებული გამოწვევებისთვის სწორად გვეპასუხა და ევროსტანდარტით გვემართა კომპანია, ამიტომ კომპანიას ISO სერტიფიცირება გავატარეთ. ალბათ, საქართველოში თითებზე ჩამოსათვლელად იქნება სამშენებლო კომპანიები, რომლებსაც ISO ექნებათ. ამან მოგვცა ის, რომ კომპანია შიგნიდან მოაწესრიგა და დღეს ბაზარზე გამორჩეული ვიქნებით იმითაც, რომ აუცილებლად დროზე ჩავაბარებთ პროექტს”, – განაცხადა ლევან დიასამიძემ.
რაც შეეხება “ფიგურები საბურთალოს”, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ჯიქიას ქუჩაზე მიმდინარეობს და 2025 წლის ბოლო კვარტალში უნდა დასრულდეს. როგორც “იბერკომპანი ჰოლდინგის” CEO აღნიშნავს, დეველოპერული კომპანიის მიზანი სივრცეების მომხმარებლის საჭიროებაზე ადაპტირება იყო.
“ჩვენი ჰოლდინგი მუდმივად იყო სხვადასხვა დეველოპერთან ერთად პროექტების განხორციელებაში ჩართული – ეს გამოცდილება გვქონდა, მაგრამ მივიღეთ გადაწყვეტილება, ბაზარზე ჩვენივე ბრენდით შევსულიყავით და გაგვეკეთებინა ბიზნესი ისე, როგორც სწორად გვესმის. ძალიან მაღალი კონკურენციაა და მნიშვნელოვანი იყო, სწორად განგვესაზღვრა ჩვენი ადგილი, რითაც გამოგვარჩევდა მომხმარებელი. გუნდმა ძალიან ბევრი იფიქრა, რა სჭირდება ადამიანს, როდესაც ის 50 კვ.მ. ბინას ყიდულობს; აღმოჩნდა, რომ მას ძალიან ბევრი საზიარო სივრცეები სჭირდება, co-working სივრცე, ადგილი დაბადების დღის გადასახდელად ა.შ. ეს ყველაფერი სრულად გავაერთიანეთ და ჩავდეთ ამ პროექტში, რასაც ჩვენი მომხმარებელი უფასოდ მიიღებს. ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის სამუშაოებს ფაქტობრივად ვასრულებთ და წლის ბოლოს პროექტი უნდა ჩავაბროთ ახალ მობინადრეებს. მინდა აღვნიშნო, რომ დაპირება ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დნმ-ში გვაქვს, რომ რასაც ვიტყვით, უნდა შესრულდეს. ამიტომ შევქმენით “ფიგურები ქონსტრაქშენი”, – ამბობს ლევან დიასამიძე.