წერილში, რომელიც xAI-ის NAACP-ის სახელით იურიდიულმა კომპანია SELC-მა წარუდგინა, აღნიშნულია, რომ AI სტარტაპი ფედერალურ კანონმდებლობას არღვევს და სამხრეთ მემფისის მონაცემთა ცენტრისთვის მეთანის გაზის ტურბინებს იყენებს, შესაბამისი ნებართვისა და დაბინძურების კონტროლის გარეშე.
მონაცემთა ცენტრები, რომლებიც AI-ის საჭირო სიმძლავრის ელექტროენერგიით ამარაგებენ, ენერგიას ინტენსიურად მოიხმარენ და 24-საათიან ელექტრომომარაგებას საჭიროებენ. იმის გათვალისწინებით, რომ მწვანე რესურსებით ენერგიის გენერაცია გაცილებით ნელ ტემპთანაა დაკავშირებული, ელექტროენერგიაზე გაზრდილ მოთხოვნას წიაღისეული საწვავის, მათ შორის ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის წვა აკმაყოფილებს.
ნავთობისა და გაზის წარმოების, ელექტროენერგიის გენერაციისა და სოფლის მეურნეობის თანამდევი მეთანის ემისიები ატმოსფეროში შედარებით მცირე დროით რჩება, თუმცა ხშირად უფრო ძლიერი გავლენა აქვს, ვიდრე ნახშირორჟანგს. საჩივრის თანახმად კი, xAI-ის ემისიები კიდევ უფრო აუარესებს მემფისში ჰაერის ისედაც დაბალ ხარისხს.
AI სტარტაპი მეთანის 35 ტურბინას იყენებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც, SELC-ის თანახმად, საჭირო ნებართვების გარეშე ოპერირებს. იურიდიული ფირმის ინფორმაციით, xAI-მ უკვე მოხსნა მცირე ზომის ტურბინები, თუმცა ბოლო პერიოდში სამი ახალი ტურბინა დააყენა. ილონ მასკს ან მისი კომპანიის წარმომადგენლებს სარჩელთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუვრცელებიათ.