იმ კონკრეტულ მომენტში Deep State-მა სძლია ტრამპის ადმინისტრაციას – კობახიძე “მეგობარი აქტზე”

„მეგობარი აქტი“ სინამდვილეში არის აბსოლუტურად მტრული, – ამის შესახებ “ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „მეგობარი აქტი“ არ შეიძლება ერქვას აქტს, “რომელიც თავიდან ბოლომდე ქართველი ხალხის და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ მტრული დამოკიდებულებით არის გამსჭვალული”.

„კიდევ ერთხელ ვლინდება ორუელისეული მიდგომა, რომ მეგობარი არის მტერი, ომი არის მშვიდობა და ა.შ. ამის გაგრძელებაა. როგორ შეიძლება, „მეგობარი აქტი“ ერქვას აქტს, რომელიც თავიდან ბოლომდე ქართველი ხალხის და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ მტრული დამოკიდებულებით არის განმსჭვალული. ეს არის მტრული აქტი. გრძელდება ბრძოლა ტრამპსა და Deep State-ს შორის.

როდესაც ხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ეს ნიშნავს იმას, რომ იმ კონკრეტულ მომენტში Deep State-მა სძლია ტრამპის ადმინისტრაციას. ეს ვიხილეთ ჩვენ ამ ორიოდე დღის წინ. ჯერ კიდევ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დაამარცხებს Deep State-ს. ეს თუ ასე მოხდება, ამ შემთხვევაში დალაგდება ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი შეფასებით, არიან ადამიანები, რომლებიც არა პრეზიდენტ ტრამპის, არამედ Deep State-ის გავლენის ქვეშ არიან და ასეთია მაგალითად ჯო უილსონი.

„ის არის თავიდან ბოლომდე Deep State-ი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან ასევე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მას აქვს Deep State-ზე პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვების ოპტიმისტური მოლოდინი.

მანვე აღნიშნა, რომ “პროცესები ისე მიდის, რომ სანქცია არის კომპლიმენტი”.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *