იმ სეგმენტის ტურისტები, ვინც ღვინოს აქტიურად მოიხმარს, შემცირებულია – გიორგი მშვიდობაძე
„საექსპორტო ბაზრებზე ჩვენი ღვინის რეალიზაციის შედეგი დამაკმაყოფილებელია, ადგილობრივ ბაზარზე კი, გარკვეულწილად ჩამორჩენა გვაქვს“ – კონკრეტულ რიცხვებზე არ საუბრობს, მაგრამ ასე აფასებს წლის პირველი ხუთი თვის შედეგებს „ქართული ღვინის ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი მშვიდობაძე.
გიორგი მშვიდობაძის შეფასებით, ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა სიტუაციამ ადგილობრივ ბაზარზე ღვინის რეალიზაცია შეამცირა.
„ქართული ღვინის ჰოლდინგი რამდენიმე კომპანიას აერთიანებს: „ვაზისუბნის მამული“, ვარძიის ტერასები“ და „როიალ ხვანჭკარა“. კომპანია 80 ჰა-მდე ფართობის ვენახებს ფლობს რაჭაში, კახეთსა და ვარძიაში. „ქართული ღვინის ჰოლდინგი 45-მდე დასახელების ღვინოს აწარმოებს და ექსპორტს 20-მდე ქვეყანაში ახორციელებს. მათ შორისაა: ამერიკა, ჩინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ა.შ.
„ექსპორტის მიმართულებით, შედეგები დამაკმაყოფილებელია – იმ ნიშნულთან ახლოს ვართ, რაც დავგეგმეთ; რაც შეეხება შიდა ბაზარს, აქ გარკვეულწილად ჩამორჩენა გვაქვს, რასაც მრავალი ახსნა აქვს. პირველ რიგში, ეს გამოწვეულია ქვეყანაში შექმნილი სიტუაციით – ფოკუსი სულ სხვაგან იყო გადატანილი, ვიდრე ღვინის მოხმარებისკენ და შედეგად, მიმდინარე პროცესების გამო, ჰორეკა სექტორში ღვინის მოხმარება შემცირება შეინიშნებოდა; ამას დაერთო ტურისტული ნაკადის შემცირებაც – ვგულისხმობ იმ სეგმენტის ტურისტებს, ვინც ღვინოს აქტიურად მოიხმარს. გარდა ამისა, როგორც ვიცი, გარკვეული საწარმოები და ღვინის მცირე მაღაზიები დახურვის პირას იყვნენ – ნაწილს მოუწია კიდეც საქმიანობის შეჩერება, ნაწილმა კი პროფილი იცვალა, რაც ასევე აისახა ღვინის გაყიდვებზეც“, – განაცხადა გიორგი მშვიდობაძემ.
2025 წლის ოთხ თვეში ქართული ღვინის ექსპორტი 43%-ით, 72 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ეს ღვინის უმსხვილეს სარეალიზაციო ბაზარზე – რუსეთში სასმლის ექსპორტის კლებით არის განპირობებული. იანვარ-აპრილში 56.2%-მდე შემცირებულია მთლიან ექსპორტში რუსეთში ღვინის გაყიდვების წილიც, მაშინ როდესაც გასულ წელს საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის საერთო მოცულობაში რუსეთში გაყიდვებს 78.6%-იანი წილი ეკავა.