მარტში, აპრილსა და მაისში ბრიტანეთის მეტეოროლოგიურმა ოფისმა ქვეყნის ყველაზე მზიანი გაზაფხული დააფიქსირა, უნალექობამ კი წყლის მარაგებთან დაკავშირებით რისკები გააჩინა.
ქვეყნის გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, ჩრდილო-დასავლეთ ინგლისში წყალსაცავებში წყლის დონე იმაზე დაბალია, ვიდრე ასევე გვალვიან 1984, 1995 და 2022 წლების ანალოგიურ პერიოდში.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე გვალვა და მშრალი ზაფხული უფრო ხშირი ფენომენი გახდება.
გარემოს სააგენტოში აღნიშნავენ, რომ წყლის კომპანიები, მათ შორის უმსხვილესი პროვაიდერი United Utilities, მზად იქნებიან დახმარება გაუწიონ მომხმარებელს, საჭიროების შემთხვევაში წყალზე მოთხოვნის შესამცირებლადაც.
“ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებ, რათა დავრწმუნდეთ, რომ United Utilities იქნება პასუხისმგებელი რეგიონის მასშტაბით საჭიროებისამებრ წყლის რეგულარულ მოწოდებაზე”, – განაცხადა ქვეყნის წყლის მინისტრმა, ემა ვარდიმ.
ქვეყანაში მომავალ კვირას გვალვის ეროვნული ჯგუფიც შეიკრიბება, რომლებიც სიტუაციის შეფასებასა და შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელებენ.