ინდოეთიდან ტურისტების ზრდას სერვისის ხარისხზე საშინელი გავლენა ექნება – “მარანი ოდა“
“ინდოეთიდან ტურისტების რაოდენობის ზრდას სერვისის ხარისხზე საშინელი გავლენა ექნება,” – ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში ტურისტული ობიექტის „მარანი ოდა“ დამფუძნებელმა ქეთო ნინიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ქვეყანაში ტურიზმის ზოგადი სურათი არასახარბიელოა – დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და აშშ-დან ტურისტული ნაკადების კლება იგრძნობა. ამის პარალელურად, კი გაზრდილია ტურისტული ნაკადები ინდოეთიდან და პაკისტანიდან.
“ტურიზმის თვალსაზრისით, ძალიან შესამჩნევია, რომ განვითარებული ქვეყნებიდან, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების რაოდენობა შემცირებულია. განსაკუთრებით, ეს ტუროპერატორების მიერ შემოყვანილ ტურისტებს ეხება. ამის პარალელურად, ტურისტების რაოდენობა გაზრდილია ინდოეთიდან და პაკისტანიდან. მათ უკვე თავიანთი ორგანიზებული ტურისტული ჯგუფებიც ჩამოჰყავთ და ბევრ სერვისში გვხვდებიან და [ადგილობრივებს] ცოტათი კონკურენციასაც უწევენ… იგივე ტენდენცია იყო რუსეთის მოქალაქეების შემთხვევაშიც [რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ პერიოდში]”, – ამბობს ქეთო ნინიძე.
ტურისტული ობიექტის „მარანი ოდა“ დამფუძნებელი იმ ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შორისაა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უცხოელი ტუროპერატორებისა და გიდების საქმიანობა კანონით უნდა რეგულირდებოდეს. ქეთო ნინიძის დაკვირვებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ტურიზმის ცალკეული წარმომადგენლების გარდა, ხმას არავინ იღებს. “საჭიროა დროულად პრობლემაზე ყურადღების გამახვილება და ხმის ამოღება, რადგან ადრე თუ გვიან, ეს პრობლემა მათაც შეეხებათ”, – ამბობს ის.
„[უცხოელების დასაქმებაზე] რეგულაცია საერთოდ არ გვაქვს და სამწუხაროდ პარადოქსია, მაგრამ ტურისტულ ინდუსტრიაში მხოლოდ ერთეული ადამიანები არიან, რომლებიც ხმას იღებენ. ამ დროს, ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ და [ვინც ხმას არ იღებს] თვითონაც დადგებიან, ამიტომ მართებული იქნება, თუ ამაზე დროულად დაიწყებენ საუბარს, რადგან ამას ქართული ტურისტული სერვისის ხარისხზე საშინელი გავლენა ექნება. ესენი [ინდოელები] არიან ძალიან არაგადახდისუნარიანი და არაღირებულებებზე ორიენტირებულები.
მოდიან, ხაჭაპურს შეჭამენ, წავლენ. ანუ, არც შენ რჩები ბედნიერი, არც ის. ამის იქით ეს არ მიდის. ჩემთვის პირადად ამ ტიპის სერვისის და პროდუქტის შექმნა საერთოდ არ არის საინტერესო“, – თქვა მან.
ინფორმაციისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში ჩინეთიდან ვიზიტები 40%-ით, ინდოეთიდან კი 28%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი ტემპი იყო ძირითად ბაზრებს შორის ისრაელის შემდეგ. იანვარ-მარტში ჩინეთი 13,875 ვიზიტი განხორციელდა, ხოლო ინდოეთიდან – 26,372.