ერთთვიანი ესკალაციის, სარაკეტო იერიშის, ავიაგამანადგურებლების ჩამოგდებისა და პოლიტიკური ლიდერების საჯარო დაპირისპირების შემდეგ, ინდოეთი და პაკისტანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
როგორც ცნობილია, მეზობელ სახელმწიფოებს შორის მშვიდობის დამყარება ლიდერებს შორის მოლაპარაკების და გარე ძალების ჩარევის შედეგად გახდა შესაძლებელი.
როგორც მოსალოდნელი იყო, ინდოეთმა და პაკისტანმა ამჯერადაც შეიკავეს თავი სრულმასშტაბიანი ომის წამოწყებისგან, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ორივე მხარეს ბირთვული იარაღი აქვს და ჯამურად ორივე ქვეყანა ორ მილიონამდე ჯარისკაცს აერთიანებს.
მართალია, ქაშმირის კონფლიქტი კიდევ ერთხელ გაიყინა, თუმცა ის ისევ მოუგვარებლად რჩება, რადგან ამ სადავო ტერიტორიაზე პრეტენზია ისევ ორივე სახელმწიფოს აქვს და დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალშიც კიდევ არაერთხელ ვიხილავთ ინდო-პაკისტანის დაპირისპირებას, რომელიც სათავეს 1947 წლიდან იღებს და კონფლიქტოლოგიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ შემთხვევას წარმოადგენს.