სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანია Inex Group-მა დეკლარირების მომსახურების ტარიფი გააორმაგა და 5 ლარიდან 10 ლარამდე გაზარდა. შესაბამისი შეტყობინება მომხმარებლებმა გუშინ მიიღეს.
როგორც კომპანიის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა, მიხეილ ბაბუნაშვილმა bm.ge-ს განუცხადა, ცვლილება დაკავშირებულია ფასების ზოგად მატებასთან და მიზნად ისახავს სერვისის გაუმჯობესებას.
„გავზარდეთ 10 ლარამდე იმიტომ, რომ თქვენ თვითონაც მოგეხსენებათ — ძალიან ძვირდება ხარჯები, აბსოლუტურად ყველაფერზე. ეს ტარიფი დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა შენარჩუნებული და ხუთლარიანი მომსახურება, სიმართლე გითხრათ, არ მახსენდება რომელიმე სხვა კომპანიას ჰქონოდა“, – განაცხადა ბაბუნაშვილმა.
მისი თქმით, დეკლარირების მომსახურება გულისხმობს იმ შემთხვევაში ტვირთის განბაჟებას, როდესაც ამას კანონმდებლობით სატრანსპორტო კომპანია ახორციელებს კლიენტსა და საბაჟოს შორის შუამავლის როლში.
„ეს არის სადეკლარაციო მომსახურების ტარიფი, როდესაც ტვირთს უწევს განბაჟება. ჩვენი თანამშრომლები აკეთებენ განბაჟებას, აწვდიან საბაჟოს ინვოისს და ა.შ. ტარიფი დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზე ინდუსტრიაში“, – ამბობს ბაბუნაშვილი.
კომპანიის განმარტებით, მომხმარებლისთვის ცვლილება „ფაქტობრივად უმნიშვნელო“ იქნება, თუმცა ბიზნესისთვის საშუალებაა, გაზარდოს ოპერაციული შესაძლებლობები და მომხმარებელს უფრო სწრაფი და ხარისხიანი საბაჟო სერვისი შესთავაზოს.
„ჩვენზე მეტი დასაქმებული დეკლარანტი არც ერთ კომპანიას არ ჰყავს, რაც ნიშნავს, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, საბაჟო პროცედურა სწრაფად და ეფექტიანად წარიმართოს იმ მომხმარებლისთვის, ვისაც განბაჟება უწევს“, – აცხადებს ბაბუნაშვილი.
მისი განმარტებით, ტარიფის ცვლილება არ შეეხება იმ მომხმარებლებს, ვისაც 300 ლარზე ნაკლები ღირებულების ტვირთი შემოაქვს და შესაბამისად განბაჟება არ უწევს.