ინფრასტრუქტურის სამინისტროს რევაზ სოხაძე უხელმძღვანელებს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს რევაზ სოხაძე უხელმძღვანელებს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს რევაზ სოხაძე უხელმძღვანელებს – მორიგი სამთავრობო ცვლილების შესახებ “ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ქარსელაძემ ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება თავად მიიღო.

“რევაზ სოხაძე ჩვენი პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი წევრია. მას განათლება აქვს მიღებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ მედიცინის, შემდეგ ფინანსების მიმართულებით. რევაზ სოხაძე წლების განმავლობაში მუშაობდა კერძო სექტორში მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე, 2017 წლიდან არის თბილისის საკრებულოს წევრი სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი და თბილისის საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახალმა მინისტრმა პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა: „მე კარგად ვხვდები რამხელა პასუხისმგებლობაა ამხელა სამინისტროს უხელმძღვანელო. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლის [ქარსელაძეს], იმიტომ რომ მთელი ქვეყანა ხედავდა წლების განმავლობაში რამდენად დიდი საქმე კეთდებოდა ამ მიმართულებით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ქალაქ თბილისის საკრებულოს, მერს, მერიის თანამშრომლებს. წლების განმავლობაში საშუალება მქონდა მათთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განმეხორციელებინა. იმედი მაქვს ჩემი მოღვაწეობა წარმატებული იქნება“.

„ოცნების“ მთავრობის შემადგენლობაში საკადრო ცვლილებები 2 აპრილს გაცხადდა. მაშინ ცნობილი გახდა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაიყოფოდა და რეგიონული განვითარების სამინისტრო ცალკე უწყებად ფორმირდებოდა. თავდაპირველად უწყება სუს-ის მაშინდელ ხელმძღვანელს გრიგოლ ლილუაშვილს უნდა ჩაებარებინა, თუმცა ორ დღეში ცნობილი გახდა, რომ თანამდებობას კახაბერ გულედანი დაიკავებდა. სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე იუსტიციის სამინისტროდან ანრი ოხანაშვილი გადავიდა, ხოლო იუსტიციის მინისტრი “ქართული ოცნების” დეპუტატი პაატა სალია გახდა.

როგორც მაშინ ირაკლი კობახიძე აცხადებდა, გაყოფილი სამინისტროს ნაწილს – ინფრასტრუქტურის მიმართულებას კვლავ ირაკლი ქარსელაძე გაუძღვებოდა, თუმცა როგორც დღეს “ოცნების” პრემიერმა აღნიშნა, ირაკლი ქარსელაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და მას თხოვნით მიმართა. ირაკლი ქარსელაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის 22 თებერვლიდან ხელმძღვანელობდა.

4 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ცვლილებები არამხოლოდ ცენტრალური ხელისუფლებაში, არამედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაშიც იქნებოდა. აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტი თორნიკე რიჟვაძემ დატოვა, რომელიც ამ ადგილს 2018 წლიდან იკავებდა. მის ნაცვლად კი, თბილისის პოლიციის უფროსი სულხან თამაზაშვილი დაინიშნა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *