ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა

“მინდა გაგაცნოთ ჩემი პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება”, — ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა გორგასლის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “დღეს მინდა გაგაცნოთ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება, ბოლო რამდენიმე კვირაა არ წყდება სპეკულაციები ჩემს მომავალ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად მივიჩნევ არსებულ შეკითხვებს გავცე ამომწურავი პასუხები. დღემდე თითოეული ის ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამიდგამს, კონკრეტულ მიზანს ეფუძნებოდა — ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მსახურებას და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებას. შესაბამისად, ჩემი მთავარი მოტივაციაც, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი პატრიოტის, ყოველთვის იყო სამშობლოს სიყვარული და აქედან გამომდინარე, ჩემი გულწრფელი და ძლიერი სურვილი, რომ ერთი მყარი აგური მეც დამედო ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად. 2011 წელს, ოქტომბერში, მივიღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როცა ბიძინა ივანიშვილი მოვიდა პოლიტიკაში და მე მის პოლიტიკურ გუნდში გავერთიანდი. მაშინ გახსოვთ ჩემი ოჯახი ძალიან დაზარალდა, ვინაიდან ჩემი ოჯახის წევრი უკანონოდ ჩასვეს ციხეში და სააკაშვილის რეჟიმს ერთი წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, მძევლად ჰყავდა აყვანილი. ჩვენი ბრძოლა გამარჯვებით რომ არ დასრულებულიყო, ჩვენ ოჯახის წევრს დავკარგავდით, მას ციხეში მოკლავდნენ და ალბათ, მეც დიდი ხნით მომიწევდა ციხეში წასვლა. რაც ყველაზე მთავარია, დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა. მადლობა ღმერთს, საბედნიეროდ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ქვეყნის გადარჩენის ბრძოლა ჩვენი პარტიისა და ხალხის, ქვეყნის გამარჯვებით დასრულდა და საკუთარი ხალხის მტერი და ეროვნული ინტერესების მოღალატე, მჩაგვრელი და მოძალადე რეჟიმი ხელისუფლებას საბოლოოდ ჩამოვაშორეთ. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, მე წილად მხვდა პატივი ბიძინა ივანიშვილის გუნდთან ერთად აქტიურად მემუშავა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველყოფისთვის, ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის გაძლიერებისა და გამყარებისთვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვისთვის. მოგეხსენებათ, რომ ამ პროცესში ორჯერ ვიყავი პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი. ბოლო ერთ წელიწადზე მეტია ქართული ოცნების თავმჯდომარის პოზიციიდან ვემსახურები საქართველოს. მეამაყება, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებზე ჩემი საქმიანობის პერიოდში, თავდაუზოგავად ვიშრომე, გუნდთან ერთად ბევრი საქმეც გავაკეთე და ბევრი გამოწვევაც დავძლიეთ. სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, უზრუნველყავით მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყნის განვითარება. გავაძლიერეთ და გავამყარეთ სახელმწიფო სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ყოველთვის ყველა თანამდებობიდან ერთგულად და უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და დღეს თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ რამდენადაც ეს შევძელი და მოვახერხე, უფლის შეწევნითა და წყალობით, პირნათლად მოვიხადე ჩემი ვალი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, ასევე, ჩვენი პარტიის წინაშე, რითაც ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერების საქმეში”, — განაცხადა ღარიბაშვილმა (ტექსტს IPN ავრცელებს). ირაკლი ღარიბაშვილი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2021 წლის 22 თებერვლიდან 2024 წლის 29 იანვრამდე. მანამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (2012–2013), საქართველოს მე-11 და ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 30 დეკემბრამდე, პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე (2013–2015), საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2019 წლის 8 სექტემბრიდან 2021 წლის 22 თებერვლამდე. 2024 წლის 1 თებერვალს ღარიბაშვილი ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *