ირანის განცხადებით, ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებს არ აპირებს, ვიდრე ქვეყანა საფრთხის ქვეშ

ირანის განცხადებით, ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებს არ აპირებს, ვიდრე ქვეყანა საფრთხის ქვეშ
ოფიციალური თეირანის განცხადებით, ირანი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ გააგრძელებს, ვიდრე ქვეყანა საფრთხის ქვეშაა. ამასთან, მას შემდეგ, რაც ისრაელმა განაცხადა, რომ მისმა თავდასხმებმა ირანის მიერ ატომური იარაღის შექმნა სულ მცირე 2-3 წლით გადაავადა, გვიან ღამით, ირანმა ისრაელისკენ ხუთი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

ადგილობრივი დროით 2:30 საათზე ისრაელის სამხედრო ძალამ ირანიდან გაგზავნილი რაკეტის შესახებ მიიღო გაფრთხილება, თელ-ავივსა და ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე განგაშის წითელი დონე გამოცხადდა.

წუხელ ღამითვე თავდასხმის ახალი ტალღა წამოიწყო ისრაელმაც და იერიში ირანის სამხედრო საწყობებსა და სხვა ინფრასტრუქტურაზე მიიტანა. ირანული მედიის ინფორმაციით, დაიბომბა ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ბირთვული ობიექტი, თუმცა ტოქსიკური ნივთიერებების გაჟონვა არ დაფიქსირებულა. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა იერიში მიიტანა ქალაქ ქომზეც, რასაც ერთი არასრულწლოვანი ემსხვერპლა.

ისრაელ-ირანის ომი ცხრა დღის წინ, ისრაელის მიერ ირანზე შეტევით დაიწყო, რასაც ირანმა სწრაფად უპასუხა რაკეტებითა და დრონებით შეტევით. როგორც ცნობილია, ისრაელმა თითქმის სრულად გაანადგურა ირანის საჰაერო თავდაცვა თავდასხმის პირველივე ეტაპზე. თეირანის ინფორმაციით, ირანში ომს 639 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 1326. ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე 25-ია, დაშავებულთა რაოდენობა კი 100-ს აღემატება.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ პროცესებს ორი კვირის განმავლობაში დააკვირდება და გადაწყვეტს, ჩაერთვება თუ არა ქვეყანა კონფლიქტში ისრაელის მხარდასაჭერად. ტრამპმა ასევე გამორიცხა სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის ჩართულობაც: “ირანს ევროპასთან საუბარი არ სურს, ჩვენთან საუბარი – კი”.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *