„ირანის მარშრუტის ალტერნატივა საქართველო განიხილება“ – რას ცვლის ისრაელ-ირანის კონფლიქტი გადაზიდვებში?
ისრაელ-ირანის კონფლიქტის დაწყების შემდეგ გადაზიდვების სექტორში სატრანსპორტო ხაზების გადალაგება უკვე დაიწყო. გადამზიდავები, რომლებიც ირანის პორტებს სატრანზიტო მიზნით იყენებდნენ, საფრთხის მაღალი რისკებიდან გამომდინარე, ალტერნატიულ გზებს განიხილავენ, რომელიც შუა დერეფანსა და საქართველოს კორიდორს მოიაზრებს.
„დამკვეთები ალტერნატივად საქართველოს განიხილავენ, ველოდებით ტვირთების გადმომისამართებას“ – განაცხადა „საქმის კურსთან“ საუბრისას ლოგისტიკური კომპანია „კაიროს ლოგისტიკის“ დირექტორმა მიხეილ ნამადოვმა. ის მიიჩნევს, რომ კონფლიქტის გაგრძელების შემთხვევაში, ტვირთების გადმომისამართება საქართველოს კორიდორზე 2 თვეში ხელშესახები იქნება. ის აღნიშნავს, რომ ირანის მარშრუტი დამკვეთებისთვის უფრო სწრაფი და იაფი იყო, თუმცა დღეს არსებული ვითარება ტვირთებს საქართველო-აზერბაიჯანი-კასპის მარშრუტზე გადმოამისამართებს.
„იმედი გვაქვს, რომ ირან-ისრაელის კონფლიქტი მშვიდობით დასრულდება. დღეს დილიდან ჩვენს კომპანიაში შემოდის მოთხოვნები… თურქეთიდან აზერბაიჯანის გავლით ტვირთების ტრანზიტი ირანის მიმართულებით ხდებოდა, ასევე ცენტრალური აზიის მიმართულებით. ჩვენ ახალ დამკვეთებთან გვაქვს კომუნიკაცია, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ისინი საქართველოს როგორც ალტერნატივას ისე განიხილავენ. ველოდებით ტვირთების გადმომისამართებას. კონფლიქტი მალე თუ არ დასრულდება, ტვირთების გადმომისამართება 2 თვეში უკვე შესამჩნევი იქნება. ბევრი ევროპული, მათ შორის თურქეთში წარმოებული ტვირთიც მიდის ცენტრალურ აზიაში, ირანის მარშრუტით, რომელიც ბევრად სწრაფი იყო და იაფი, თუმცა დღევანდელი რეალობა მხოლოდ საქართველო-აზერბაიჯანი-კასპიის ზღვის გზის გამოყენების შესაძლებლობას ტოვებს. განსაკუთრებით იმ ტვირთების შემთხვევაში, რომლებიც სანქცირებულია და მათი რუსეთის გზებით გადატანა აკრძალულია“, – აღნიშნავს მიხეილ ნამადოვი და დასძენს, რომ ეს შეეხება როგორც FMCG ტვირთებს, ასევე დანადგარებს და ყველა იმ საქონელს, რომლის სახმელეთო გზით გადაიზიდება.