ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი რუსეთში ჩასვლას გეგმავს, რათა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართოს.
კვირა დილით, სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე ირანის უმაღლესმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ორშაბათს მოსკოვს ეწვევა და სერიოზული კონსულტაციები ექნება.
ამასთან, TASS-ის თანახმად, ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმების შემდეგ კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპთან საუბარს არ გეგმავს, თუმცა დასძინა, რომ სატელეფონო ზარი შესაძლოა სწრაფად ჩაინიშნოს.
აშშ-მა ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში ირანის სამი ძირითადი ბირთვული ობიექტი დაბომბა. დონალდ ტრამპი ირანს აფრთხილებს, რომ მშვიდობა უნდა დაამყაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალი თავდასხმები „გაცილებით უფრო მასშტაბური“ იქნება.