ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა პუტინს აიათოლა ხამენეის წერილი გადასცა – რა ითქვა შეხვედრაზე?

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა პუტინს აიათოლა ხამენეის წერილი გადასცა – რა ითქვა შეხვედრაზე?
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა. აბას არაღჩიმ ვლადიმერ პუტინს ირანის ლიდერის აიათოლა ხამენეის წერილი გადასცა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გასულ დღეებში მთელი მსოფლიოს ყურადღება ისრაელ-ირანის დაპირისპირებამ მიიქცია, თუმცა შტატების მიერ ირანის სამი ბირთვული ობიექტის დაბომბვამ კონფლიქტი ახალ ფაზაში გადაიყვანა. ვიდრე თეირანის ცას ისრაელის თვითმფრინავები აკონტროლებენ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დახმარების იმედით რუსეთს სტუმრობს. აბას არაღჩი დღეს პრეზიდენტ პუტინს, საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს, კრემლის საგარეო პოლიტიკის მრჩეველ იური უშაკოვს და გრუ-ს სამხედრო დაზვერვის შეფს, იგორ კოსტიუკოვს შეხვდა.

Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის უმაღლესი ლიდერი რუსეთის უმოქმედობით ძალიან უკმაყოფილოა და პუტინისგან მეტ რეაგირებას ითხოვს. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მოსკოვი წერილის მიღებას არ ადასტურებს, თუმცა ირანს მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს.

როგორც პუტინმა არაღჩისთან საუბრისას აღნიშნა, ისრაელისა და შტატების თავდასხმა ირანის ატომურ ობიექტებზე არაპროვოცირებული და გაუმართლებელია. პუტინმა მოლაპარაკების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, უშუამდგომლოს ირანს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის წინ ტრამპმა პუტინის მსგავსი შეთავაზება იუარა. “თავის თავს უშუამდგომლოს”, – განაცხადა შტატების პრეზიდენტმა.

რუსეთი, რომელმაც ირანთან წლის დასაწყისში 20-წლიანი სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება დადო, თავს იკავებს შეერთებულ შტატებთან ღია დაპირისპირებისგან. მეტიც, არაღჩისთან შეხვედრის შემდეგ, სამხედრო რეკრუტებთან საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა პირდაპირ არც კი ახსენა შტატები და განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში გარე ძალების ჩათრევის მცდელობა აშკარაა. მან ასევე თქვა, რომ ეს დაპირისპირება სამყაროს უდიდეს საფრთხესთან აახლოებს.

როგორც კრემლში გამართული შეხვედრის შემდგომ პრესსპიკერმა პესკოვმა აღნიშნა, რუსეთის რეაგირება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა დასჭირდება ირანს. მან ასევე გააკრიტიკა ისრაელი და ირანზე მიტანილ შეტევას უპასუხისმგებლობა უწოდა.

აღსანიშნავია, ის მნიშვნელოვანი ინფორმაციაც, რაც ისრაელის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა. როგორც Kan-ი იუწყება, ბირთვულის ობიექტების დაბომბვამდე გარკვეული დროით ადრე მოსკოვმა შტატებს მესიჯი გაუგზავნა და სთხოვა, ირანისთვის არ შეეტია.

ცნობისთვის, შტატებისა და ისრაელის მსგავსად, რუსეთიც ეწინააღმდეგება ირანის მიერ ატომური იარაღის შექმნას, თუმცა მხარს უჭერს ატომური ტექნოლოგიების მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენებას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *