ირანი ბირთვული ინდუსტრიის აღდგენას გეგმავს

ირანი ბირთვული ინდუსტრიის აღდგენას გეგმავს
ირანი ბირთვულ ინდუსტრიაზე მიყენებულ ზარალს ითვლის და მის აღსადგენად მუშაობას იწყებს – ამის შესახებ ირანის ბირთვული ინდუსტრიის ხელმძღვანელმა, მუჰამედ ესლამიმ ქვეყნის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელისა და აშშ-ის მიერ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, თეირანის გეგმაა, მოახდინოს წარმოების პროცესის შეფერხების პრევენცია.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იერიშს “შესანიშნავი სამხედრო წარმატება უწოდა”, თუმცა ამ დრომდე უცნობია ამ სპეციოპერაციის ზუსტი შედეგები. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა კი განაცხადა, რომ ირანს აღარ შეუძლია ბირთვული იარაღის შექმნა მას შემდეგ, რაც აშშ-ის საჰაერო დარტყმებმა მისი ბირთვული ინფრასტრუქტურა გაანადგურა.

საპასუხოდ, ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველმა აღნიშნა, რომ ქვეყანა კვლავ მდიდარია ურანით და ამიტომ “თამაში ჯერ არ დასრულებულა”.

ცნობისთვის: 23 ივნისს აშშ-მა იერიში მიიტანა ირანის ძირითად ბირთვულ ობიექტებზე ფორდოში, ნატანცსა და ისპაჰანში. მანამდე, 13 ივნისიდან ერთი კვირის განმავლობაში ბომბავდა ირანის ბირთვულ ობიექტებს ისრაელიც. მიუხედავად მასშტაბური საჰაერო თავდასხმებისა, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ ობიექტებზე ტოქსიკური ნივთიერებების გაჟონვა და რადიაციის დონის მატება არ შეინიშნება.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს, 24 ივნისს გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა, რომლის დარღვევაშიც ისრაელი ირანს ადანაშაულებს.

ორ ქვეყანას შორის 12-დღიანი ომი 13 ივნისს დაიწყო, როდესაც ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიიტანა იერიში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *