“ახლა, როცა ყველამ დაინახა რომ დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს შევუწყვიტეთ მანდატები, გახარიაც მიხვდა, რომ და იგივე მოხდება მათ შემთხვევაშიც. სწორედ ამიტომ ისინი მაისში აუცილებლად შემოვლენ პარლამენტში”, — ამის შესახებ პარტია ხალხის ძალის ლიდერმა და ქართული ოცნების პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, გახარიას პარტია თვითმმართველობის არჩევნებშიც მიიღებენ მონაწილეობას. “მას და მის გუნდს ძალიან უნდათ პარლამენტში შემოსვლა და მუდმივად ეძებენ საამისო საბაბს, მაგრამ იმ პარტიების მხრიდან ბულინგისაც ეშინიათ, რომლებსაც ჩვენ მანდატები უკვე შევუწყვიტეთ. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გახარიას მოსვლის შემდეგ დაიწყეს კიდეც ლაპარაკი, თითქოს დაარღვიეს რაღაც კლიშე და ცდილობენ შეიქმნან რაღაც საფუძველი, რაც პარლამენტში მათ შემოსვლას ნაკლებად მტკივნეულს გახდის. მით უფრო, რომ მაისში ვადა ეწურებათ, რადგან, თუ დეპუტატი აცდენს პარლამენტის სესიის ნახევარზე მეტს, პარლამენტს აქვს სრული უფლება მას შეუწყვიტოს მანდატი. თქვენი ეთერიდან ვაძლევ გარანტიას, რომ თუკი ისინი კანონით განსაზღვრულ ვადას დაარღვევენ, ჩვენ მათ აუცილებლად შევუწყვეტთ მანდატებს. გახარია საპარლამენტო კომისიის სხდომაზე რომ მოვიდოდა, ამაში მე პირადად დარწმუნებული ვიყავი, რადგან მართლმსაჯულების წინაშე წარდგომის ეშინია. რაც შეეხება სხვა პარტიებს, ვისაც უკვე შეუწყდათ მანდატები, მათაც ჰქონდათ პარლამენტში შემოსვლის სურვილი, მაგრამ ეგონათ, რომ 2020 წელი განმეორდებოდა, როცა ნახევარ წელზე მეტი მანდატები არ შევუწყვიტეთ და შემდეგ, კეთილი ინებეს და შემობრძანდნენ პარლამენტში. რომ სცოდნოდათ, რომ თხოვნას დავუკმაყოფილებდით, რა თქმა უნდა, არ დაწერდნენ განცხადებებს მანდატების დატოვებაზე. ახლა, როცა ყველამ დაინახა რომ დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს შევუწყვიტეთ მანდატები, გახარიაც მიხვდა, რომ და იგივე მოხდება მათ შემთხვევაშიც. სწორედ ამიტომ ისინი მაისში აუცილებლად შემოვლენ პარლამენტში და თვითმმართველობის არჩევნებშიც მიიღებენ მონაწილეობას. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, რა ინფორმაციაც ჩვენ გვაქვს, დიდი შანსია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ლელომაც მიიღოს მონაწილეობა. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, რა ინფორმაციაც მათი კულუარებიდან გამოდის, ძალიან სერიოზული განხეთქილება აქვთ ამასთან დაკავშირებით. შედარებით მყარად დგას უარზე გვარამია-მელიას პარტია, თუმცა დაველოდოთ, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. საბოლოო ჯამში, ყველა იმას დაემორჩილება, რა დავალებასაც მიიღებენ გარედან”, — თქვა სოზარ სუბარმა.
“ისინი მაისში აუცილებლად შემოვლენ პარლამენტში” — სოზარ სუბარი გახარიას პარტიაზე
