საქმე ისაა, რომ გუშინ, რობერტ ამსტერდამმა გაავრცელა პრეს-რელიზი, რომელშიც წერია, რომ ორი უცხოური სადაზვერვო სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გიორგი ბაჩიაშვილის სიცოცხლის მოსპობის რეალური საფრთხე არსებობს.
ამსტერდამის თქმით, ამ დრომდე საქართველოს ოფიციალური უწყებებიდან საკითხთან დაკავშირებით არავინ დაკავშირებია.
„ვამბობ, გასაკვირია–მეთქი, რადგან ეს უნდა იყოს წუხილის საბაბი – საუბარია საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის მოსპობის საფრთხეზე, მაგრამ არავის მოუმართავს, რაც კიდევ ერთხელ გარკვეულ ეჭვებს აჩენს.
ბედნიერი ვიქნები, თუ ასეთი ზარი იქნება. მე ყოველთვის მჯეროდა, რომ უნდა არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც შერჩენილი აქვთ საღი აზრი – მაგრამ რა გამოცდილებაც მე მივიღე, მათ შორის, სასამართლოშიც, დღეს უკვე მგონია, რომ ზედმეტად ოპტიმისტი ვიყავი. მიმაჩნია, რომ ქართულმა ოცნებამ მთლიანად მიიტაცა ქვეყანა, ხოლო ქართული ოცნების ლიდერმა მიიტაცა პარტია. ამ დროისთვის ძალიან მცირე იმედი ჩანს“, – განაცხადა ამსტერდამმა და დასძინა, რომ საქართველოში ბაჩიაშვილის სიცოცხლის მოსპობის საფრთხესთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს.
“თუმცა პრობლემა აქ ის არის, რომ საფრთხის ბუნებიდან გამომდინარე, ჩვენ ძალიან დიდ სიფრთხილეს გამოვიჩენთ იმ ნაწილში, თუ რა ტიპის თანამშრომლობას შევძლებთ. ეს უნდა იყოს შიდა გამოძიება და როგორც ჩვენ ვთქვით ჩვენს განცხადებაში, ეს ის ინფორმაციაა, რომელიც ჩვენ მივიღეთ; ეს არ არის იმ ტიპის ინფორმაცია, რომელშიც შესაძლოა 100%–ით დარწმუნებული იყო – სწორედ ამიტომ არ ვასახელებ მე კონკრეტულ ინდივიდებს – უბრალოდ ვამბობთ, რომ ეს ძალიან სარწმუნო საფრთხეა, რომელიც არსებობს და უსაფრთხოების ჩვენმა თანამშრომლებმა გვირჩიეს, რომ გავასაჯაროვოთ“, – განმარტა ბაჩიაშვილის ადვოკატმა.
ამასთან, როგორც „ანალიტიკასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, ამ საფრთხის მოტივაციის გაგება რთულია:
„ერთ–ერთი შესაძლებლობა, რომელიც არსებობს ისიც არის, რომ სხვა ძალაც იყო ჩართული ამ საქმეში – მაგრამ ამ სპეკულაციებში მე ახლა არ შევალ“
რას გულისხმობთ სხვა ძალაში?
საქართველო გეოპოლიტიკური დაძაბულობების შუაგულშია.
პირდაპირ გკითხავთ: რუსეთს გულისხმობთ?
იმას გეუბნებით, რომ კონკრეტულად ვერავის დავასახელებთ – მაგრამ ჩვენ ჩვენს გამოძიებას ვაწარმოებთ.
იცით, რა ტიპის ინფორმაციას ეძებენ? რა ტიპის ინფორმაციას ფლობს დღეს ბაჩიაშვილი?
არც ამ სპეკულაციაში შევალ – ეს რაიმე ინფორმაციის გამო ხდება თუ არა.
გაქვთ ახლა კონტაქტი ბაჩიაშვილთან? იცით, სად აფარებს თავს?
რა თქმა უნდა მაქვს ინფორმაცია, მაგრამ არაფერს ვიტყვი დეტალურად.