იტალიამ კოლოსეუმის ბილეთების გამყიდველი სააგენტოები €20 მილიონით დააჯარიმა

იტალიამ კოლოსეუმის ბილეთების გამყიდველი სააგენტოები €20 მილიონით დააჯარიმა
იტალიის კონკურენციის სააგენტომ ათამდე ტუროპერატორი ჯამურად €20 მილიონით დააჯარიმა. უწყების განმარტებით, მიზეზი კომპანიების მიერ დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომლის გამოც ვიზიტორებს რომის კოლოსეუმის ბილეთების შესყიდვა დამოუკიდებლად თითქმის აღარ შეუძლიათ.

საქმეზე გამოძიება 2023 წლის ივლისში დაიწყო, მას შემდეგ რაც ტურისტებმა უკმაყოფილება გამოხატეს კოლოსეუმის ბილეთების ოფიციალურ ფასად, ონლაინ შესყიდვის გართულების გამო. როგორც იტალიის ანტიმონოპოლიური ორგანო განმარტავს, სააგენტოების მიერ ბილეთების წინასწარ მომარაგების გამო, იტალიის ყველაზე პოპულარული ტურისტული ობიექტის სტანდარტული ღირებულების ბილეთები ხანგრძლივი დროით რჩება მიუწვდომელი. ამ ფონზე ტურისტებს უფრო მაღალფასიანი ბილეთების ყიდვა უწევდათ, რომელიც დამატებით სერვისებს, მაგალითად, გიდის მომსახურებას მოიცავს.

ყველაზე მაღალი ჯარიმა, €7 მილიონის ოდენობით, The Cooperative Culture Society-მ მიიღო, რომელიც კოლოსეუმის ბილეთების გაყიდვას 1997-დან 2024 წლამდე ხელმძღვანელობდა. ეს იმიტომ, რომ კომპანიამ ვერ უზრუნველყო ტუროპერატორების მიერ დიდი რაოდენობით ბილეთების მომარაგების პრევენცია.

დაჯარიმდა კიდევ 6 სააგენტო როგორც იტალიაში, ასევე გერმანიაში, ნიდერლანდებსა და ირლანდიაშიც. როგორც ირკვევა, ტუროპერატორები დიდი რაოდენობის ბილეთების შესაძენად ბოტებსა და სხვა ავტომატურ სისტემებს იყენებდნენ.

უწყებას არ დაუკონკრეტებია, რამხელა ფასნამატით ყიდდნენ ტუროპერატორები ბილეთებს. თუმცა ცნობილია, რომ ანტიკურ რომაულ ამფითეატრში მოხვედრა ზრდასრულ ტურისტებს, ოფიციალურად, €18-ად შეუძლიათ.

2023 წელს კოლოსეუმი იტალიის ყველაზე მონახულებადი მონუმენტი იყო – მნახველების რაოდენობამ ამ წელს 12.3 მილიონს მიაღწია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *