რეფერენდუმში იტალიელებმა უნდა უპასუხონ კითხვას: უჭერენ თუ არა მხარს ბინადრობის პერიოდის 5 წლამდე შემცირებას, რაც იტალიის მოქალაქეობის მინიჭებისთვის არის საჭირო.
ამჟამინდელი კანონმდებლობით, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც არ არიან დაქორწინებული იტალიელზე და არ აქვთ ნათესაური კავშირი იტალიასთან, ქვეყანაში მინიმუმ 10 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდნენ მანამ, ვიდრე მოქალაქეობის მინიჭებაზე შეიტანენ განაცხადს, რომლის განხილვასაც, ასევე, შეიძლება წლები დასჭირდეს.
ვადის შემცირების მომხრეების აზრით, თუ რეფერენდუმის იდეას მხარი დაუჭირეს, ეს 2,5 მლნ უცხოელს შეეხება, რომლებიც ახლა იტალიაში ცხოვრობენ. რეფერენდუმის ინიციატორი მემარცხენე ოპოზიციური პარტიები არიან.
რეფერენდუმი ჩატარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ აქტივობა 50%-ზე მეტი იქნება. შიშობენ, რომ შესაძლოა, აქტივობა საკმარისი არ იყოს. ამას ემატება ისიც, რომ იტალიის პრემიერი ჯორჯა მელონი მოქალაქეობის მინიჭების პროცესის გამარტივებას არ ემხრობა. მისი თქმით, “ამჟამინდელი სისტემა არის შესანიშნავი, ყველაზე ღია, ჩვენ წლების განმავლობაში იმ ევროპულ ქვეყნებს შორის ვართ, რომლებიც ყოველწლიურად ყველაზე მეტ უცხოელს ანიჭებს მოქალაქეობას”.
ცნობისთვის, 2023 წელს 213 500-მა უცხოელმა მიიღო იტალიის მოქალაქეობა, რაც ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მთლიანი ევროკავშირის მონაცემების მეხუთედია.