იტალიის პარლამენტი საქართველოზე რეზოლუციის მიღებასა და სანქციების წრის გაფართოებას გეგმავს

იტალიის პარლამენტი საქართველოზე რეზოლუციის მიღებასა და სანქციების წრის გაფართოებას გეგმავს

იტალიის პარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს. პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას იტალიელი კანონმდებლები აცხადებენ, რომ მზადდება რეზოლუცია, რომელიც მოდელირებულია ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციის მიხედვით. იტალიის პარლამენტმა ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის სანქციების წრის გაფართოებაც დააანონსა. “რამდენიმე დღის წინ, საქართველოში მეორე მოსმენით დამტკიცდა კანონი ე.წ. უცხოელი აგენტების წინააღმდეგ. რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს მინიმალური კონტაქტიც კი დასავლეთთან, დემოკრატიულ სახელმწიფოსთან, აღიქმება როგორც საშიში, საიდუმლო აგენტი, მტერი ხალხისა. რეალურად კი სწორედ ის ხელისუფლება, რომელიც ამ ხალხს მტრად აცხადებს, თავად არის ქართველი ხალხის მოღალატე. ჩვენ ერთად ვმუშაობთ ორ დოკუმენტზე — პირველია საპარლამენტო კითხვის ფორმით მიმართვა. ვითხოვთ, იტალიის მთავრობამ გასცეს პასუხი, რა ტიპის შეხვედრები და კონტაქტები ჰქონდა მას ქართული ოცნების რეჟიმთან და რის საფუძველზე. ამასთანავე, ვამზადებთ რეზოლუციას, რომელიც მოდელირებულია ბოლო ევროპარლამენტის რეზოლუციის და ითვალისწინებს კონკრეტულ ნაბიჯებს, მათ შორის სანქციებს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართულ რეჟიმთან. ჩვენი წვლილი სწორედ ისაა, რომ ეს სანქციების წრე კიდევ უფრო გაფართოვდეს,” — განაცხადა იტალიის პარლამენტის წევრმა (ტვ პირველის თარგმანი). იტალიის პარლამენტში ასევე ისაუბრეს ავტოკრატიული ძალების გაძლიერებაზე და ქართული ოცნების რეპრესიული კანონები და ქმედებები რუსეთის სცენარს შეადარეს. “ევროპას ყოველთვის განვიხილავდით, როგორც სამართლის უზენაესობის აკვანს, დღეს კი ნათელია, რომ მთელ მსოფლიოში ავტოკრატებს გაუჩნდათ განცდა, რომ გაცილებით ძლიერები და თავდაჯერებულები არიან, რათა რაღაცები დააშავონ დღისით, სრულიად ღიად, დაუმალავად. არსებობს დაუსჯელობის შეგრძნება, რაც ხშირად გვტოვებს დაბნეულს ან შეშინებულს. საქართველოში ვხედავთ ერთგვარ მკვეთრ ვარდნას, სხვათა შორის რუსული მოდელის კვალდაკვალ, რადგან ნაბიჯები, რაც ვიხილეთ იყო იგივე. ჯერ კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, შემდეგ კანონი LGBTQ თემზე და ყველაფერი განვითარდა ერთმანეთთან კოორდინაციით, თავხედობითა და უტიფრობით, მაგრამ ყოველგვარი შიშის გარეშე, შემაშფოთებელი თავდაჯერებულობით. როცა ვხედავ ქართველებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან და აფრიალებენ ევროკავშირის დროშას, ჩემთვის ეს ბევრად მეტია, ვიდრე ათასობით სიტყვა. ეს აჩვენებს, რომ ამ დროშას, ევროკავშირის დროშას უამრავი ადამიანი მთელ მსოფლიოში განიხილავს, როგორც თავისუფლების სივრცეს, კეთილდღეობის სივრცეს, ადამიანების პატივისცემის სივრცეს,” — განაცხადა იტალიის პარლამენტის წევრმა (ტვ პირველის თარგმანი). იტალიის პარლამენტში ასევე ისაუბრეს იტალიისგან ქართული ოცნების ლეგიტიმაციის აღიარებაზე და სამომავლო ნაბიჯებზე, თუ რა დამოკიდებულება აქვს იტალიას საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვაღიაროთ ეს ხელისუფლება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ გაყალბებული არჩევნების შედეგებს, ისევე როგორც საერთაშორისო და მრავალმხრივი ინსტიტუტები არ აღიარებენ. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხში მუდმივად დავრჩეთ აქტიურები. ყველაფერი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ საპარლამენტო დონეზეც და მის გარეთაც, უნდა წარიმართოს სწორი მიმართულებით, რაც ნიშნავს არ აღიარებას, მხარდაჭერას, ყურადღებას და ეს ყურადღება არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, ეს ევროპის საკითხია, თითოეული ჩვენგანის საქმეა. იტალიის მთავრობისგან რეალური პასუხი ამ საკითხზე ჯერ არასდროს მიგვიღია. გვყავს ელჩი, რომელიც ჯერ შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, შემდეგ კი შინაგან საქმეთა მინისტრს, იმ მინისტრს, რომელსაც სანქციები დაუწესა ევროპის ზოგმა ქვეყანამ, შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ, სწორედ საპროტესტო აქციების რეპრესიების გამო. კითხვა, რომელსაც დღეს ვსვამთ ასეთია — რა არის იტალიის მთავრობის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება? ამ საკითხებზე იტალიამ ვერ უნდა დაიჭიროს ისეთი პოზიცია, რომ თითქოს პრობლემა არ არსებობს და ეს დუმილი ვფიქრობ არ არის უბრალოდ უყურადღებობა,” — განაცხადა იტალიის პარლამენტის წევრმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *