კაია კალასი: ევროკავშირი შავ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის შექმნას გეგმავს

კაია კალასი: ევროკავშირი შავ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის შექმნას გეგმავს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი გეგმავს შავ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის შექმნას, რომლის მიზანი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა და რეგიონის უსაფრთხოების მონიტორინგი იქნება. “შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ცენტრი ადრეული გაფრთხილების სისტემა იქნება, რომელიც დაგვეხმარება კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში, მათ შორის როგორიცაა — საზღვაო ინსტალაციები და წყალქვეშა კაბელები. ცენტრი ასევე დაგვეხმარება რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის მონიტორინგში,” — აღნიშნა კალასმა. მისი თქმით, შავი ზღვის რეგიონი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, რადგან ის ევროპასა და ცენტრალურ აზიას აკავშირებს. კალასის განმარტებით, შავი ზღვის უსაფრთხოება კრიტიკულია მთელი ევროპის სტაბილურობისთვის. “ის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ენერგეტიკის კუთხით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ამ რეგიონის ქვეყნები აძლიერებენ თავიანთ კავშირებს ევროკავშირთან. არსებობს გეოპოლიტიკური ძვრების შეგრძნება. უკრაინა და მოლდოვა მიდიან ევროკავშირის წევრობისკენ. ასევე საქართველო, თუ ის ევროკავშირის გზას დაუბრუნდება. ასევე, თურქეთი, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის პარტნიორი და კანდიდატი ქვეყანაა. თუმცა, რეგიონის პოტენციალს ჩრდილს აყენებს რუსეთის ომი, საჰაერო სივრცის გახშირებული დარღვევები, თავდასხმები პორტებსა და საზღვაო მარშრუტებზე,” — განაცხადა კალასმა. კალასმა ასევე ხაზი გაუსვა სამხედრო მობილობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საჭიროა რეგიონული ინფრასტრუქტურის პორტების, გზების, რკინიგზისა და აეროპორტების განახლება, რათა შესაძლებელი გახდეს მძიმე სამხედრო ტექნიკის სწრაფად გადაადგილება. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჯარების მობილიზაციას კრიტიკულ მომენტებში და გააძლიერებს შეკავების შესაძლებლობებს, რაც სასარგებლო იქნება NATO-თვისაც. “ჩვენ ვთავაზობთ რეგიონული პორტების, რკინიგზის, გზებისა და აეროპორტების დამატებით განახლებას მძიმე სამხედრო აღჭურვილობის გასატარებლად. განახლება ხელს შეუწყობს იმის უზრუნველყოფას, რომ ჯარები იქ იყვნენ, სადაც საჭიროა და როცა საჭიროა. რეგიონში აღჭურვილობის უფრო სწრაფად მიწოდება აძლიერებს შეკავების ძალას და ასევე ეხმარება NATO-ს. გარდა ამისა, არსებობს ჰიბრიდული საფრთხეები. შავი ზღვის რეგიონი ჰიბრიდული მანიპულაციების მთავარი სამიზნეა. ევროკავშირის მიზანია თანამშრომლობის გაძლიერება კიბერშეტევების, დეზინფორმაციისა და სხვა მტრული ქმედებების წინააღმდეგ. ჩვენ ინვესტიციებს ჩავდებთ ხელოვნურ ინტელექტში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად, მედიაწიგნიერების ხელშესაწყობად და ფაქტების შემოწმების ქსელების გასაძლიერებლად,” — თქვა კალასმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *