წყნეთის გზატკეცილზე, რესტორან „კაკლების“ მიმდებარედ ფერდის გამაგრებისა და საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8.8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მეწყერსაშიში ფერდის გასამაგრებლად მოეწყო 900 ანკერი და ფოლადის ბადე, რომელიც გრუნტის დაცურების საწინააღმდეგო სისტემას წარმოადგენს. ასევე, აშენდა 70 გრძივი მეტრი ხიმინჯოვანი რკინაბეტონის კედელი და სადრენაჟე სისტემა.
დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში ასევე განხორციელდა გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია — დაიგო ასფალტის საფარი და დაიხაზა საგზაო მონიშვნები.