კანადის არჩევნების შემდეგ, პრემიერმინისტრ მარკ კარნის ლიბერალური პარტია, სავარაუდოდ, თემთა პალატაში მთავრობის ფორმირებისთვის საკმარის მანდატებს მოიპოვებს, – პროგნოზირებენ კანადური მაუწყებლები CBC და CTV News. მათი თქმით, მარკ კარნიმ ოფიციალურად იმარჯვებს არჩევნებში, წერს BBC ჯერ ნაადრევია იმის თქმა, მოიპოვებს თუ არა პარტია აბსოლუტურ უმრავლესობას თემთა პალატაში. CBC News-ის ვარაუდით, ლიბერალებს 343 ადგილიდან 168-ის მოპოვების კარგი შანსი აქვთ. თუ ლიბერალები აბსოლუტურ უმრავლესობას ვერ მოიპოვებენ, მათ ერთ-ერთ მცირე პარტიასთან მოუწევთ მხარდაჭერის მოსაპოვებლად მოლაპარაკება. საპარლამენტო არჩევნები დონალდ ტრამპის “სავაჭრო ომისა” და კანადის ანექსიის მუქარის ფონზე მიმდინარეობს, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში ხმის მიცემის დროსაც კი გაიმეორა. წლის დასაწყისში დამკვირვებლები პიერ პოლიევრის ხელმძღვანელობით კონსერვატორებს გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ამომრჩევლის განწყობა მკვეთრად შეიცვალა. როგორც AFP აღნიშნავს, ამერიკის საგარეო პოლიტიკაში ცვლილებებმა კანადელების აღშფოთება გამოიწვია და აშშ-სთან ურთიერთობები საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ საკითხად აქცია. ეს თემა მარკ კარნის რიტორიკის ცენტრალური ნაწილი გახდა, რომელმაც მარტში პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ჯასტინ ტრუდო შეცვალა. კერძოდ, მან პირობა დადო, რომ გააფართოვებდა საგარეო სავაჭრო პარტნიორების წრეს შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულების შესამცირებლად და უარყო ამერიკელი ლიდერის მუქარა. კანადის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მარკ კარნიმ ოფიციალურად გაიმარჯვა არჩევნებში ხმების 64%-ით. მას გამარჯვება უკვე მიულოცეს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა. მოგვიანებით, მილოცვებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეუერთდა. მან X-ზე დაწერა, რომ “უკრაინა ღრმად აფასებს კანადასთან მჭიდრო კავშირებს და კანადელი ხალხის ურყევ მხარდაჭერას”. კარნიმ განაცხადა, რომ კანადა ახლა ისტორიის “გარდამტეხ მომენტში” იმყოფება. “პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს ჩვენს გატეხას, რათა ამერიკამ ჩვენზე ბატონობა შეძლოს. ეს არასდროს, არასდროს მოხდება. ჩვენი წინა ინტეგრაციული ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან დასრულდა. ჩვენ უკვე განვიცადეთ ამერიკის მხრიდან ღალატის შოკი, ახლა ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ”, — განუცხადა მან ოტავაში მხარდამჭერებს და ხაზი გაუსვა, რომ ამას “ტრაგედიად” მიიჩნევს. მარკ კარნი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში დონალდ ტრამპთან საუბარს გეგმავს, რათა “ორი სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს” მომავალი განიხილოს.
კანადის არჩევნებში მარკ კარნის მეთაურობით ლიბერალებმა გაიმარჯვეს
