კლაუს შვაბი WEF-ის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს — რა ხდება დავოსში?

კლაუს შვაბი WEF-ის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს — რა ხდება დავოსში?
“მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” დამფუძნებელი, ეკონომისტი კლაუს შვაბი ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს. თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე გერმანელ ბიზნესმენს არ უსაუბრია, მაგრამ ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, იმ კრიტიკას უკავშირდება, რომელიც ორგანიზაციის მიმართ ბოლო წლებში ისმოდა, როგორც ჭარბი ელიტურობის, ასევე რთული, ხშირად ტოქსიკური სამუშაო კულტურის კუთხით. WEF-ის სამეთვალყურეო საბჭო კლაუს შვაბის შემცვლელს უკვე ეძებს, ხოლო დროებით, თავმჯდომარის მოვალეობს ვიცე-თავმჯდომარე პეტერ ბრაბეკ-ლეტმატი შეასრულებს.

“მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” ფლაგმანური პროექტი დავოსის ფორუმია, რომელიც მთაგორიანი შვეიცარიის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილში ყოველ წელს იმართება. WEF-ისთვის დავოსში ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უმსხვილესი კორპორაციების დამფუძნებლები, ბანკირები და სხვადასხვა სფეროს ლიდერები იკრიბებიან. სხვადასხვა დროს, დავოსში ჩასულა, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰენრი კისინჯერი, ასევე სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, ნელსონ მანდელა, დედა ტერეზა და ოსკაროსანი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო.

ყველაფერი 1971 წელს დაიწყო, როცა გერმანელმა ინჟინერმა და ეკონომისტმა კლაუს შვაბმა ევროპული ინდუსტრიული ფორუმის შექმნა გადაწყვიტა. პირველი შეკრება სწორედ დავოსში გაიმართა, სადაც ფორუმს 31 ქვეყნის 444 დელეგატი დაესწრო. ეს ქვეყნები, იმ დროს, ძირითადად ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან იყვნენ, რადგან, მოგეხსენებათ, არც ცივი ომი იყო დასრულებული და არც გლობალიზაციის დონით გამოირჩეოდა ჩვენი პლანეტა. დავოსის შეკრება “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” ნაშიერია, თავად ამ ორგანიზაციას კი მსოფლიოში არსებული მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლა სურს.

“დავოსის ეკონომიკური ფორუმი”, რომელსაც ის ათასამდე კომპანია აფინანსებს, რომლებიც ამ ღონისძიების ჩატარებით პირდაპირ სარგებელს იღებს, სხვადასხვა დროს, მნიშვნელოვანი შეთანხმებების მიღწევის ადგილადაც იქცა. 1986 წელს, დავოსში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, ანდრეას პაპანდრეუს და თურქეთის პრემიერ-მინისტრის, ტურგუტ ოზალის შეხვედრა შედგა, რომელზედაც მხარეები მორიგდნენ და ომზე უარი თქვეს.

რამდენიმე წლის შემდეგ, დავოსის მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა ფიზიკაში ნობელის პრემიის 1984 წლის ლაურეატი კარლო რუბია, რომელმაც განაცხადა, რომ ბუნებრივი წიაღისეულის მოხმარება დედამიწას ძალიან დიდ ზიანს აყენებს, რის გამოც, პლანეტა ბირთვულ რეაქტორებზე უნდა გადავიდეს. კი, დღეს ამ რიტორიკას პლანეტა ნამდვილად შეეჩვია, მაგრამ 1989 წელს გლობალურ დათმობაზე თითქმის არავინ ლაპარაკობდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *