კონსიერჟ თბილისი ახლა უკვე ლოს-ანჯელესში

კონსიერჟ თბილისი ახლა უკვე ლოს-ანჯელესში

კომპანია კონსიერჟ თბილისი უკვე 10 წელია ქართულ ბაზარზეა და პრემიუმ კონსიერჟ მომსახურებასთან ერთად, მომხმარებელს ღონისძიებების ორგანიზებას სთავაზობს.

2025 წელს კომპანია საქართველოს საზღვრებს გასცდა და ახალი, საინტერესო ეტაპი კალიფორნიის შტატში, კერძოდ კი ლოს-ანჯელესში დაიწყო.

კომპანიის თანადამფუძნებელი ლიზა ხაბაზაშვილი ამჯერად ახალ პროექტს BEACH NOW-ს ჩაუდგა სათავეში. (ეს არის უნიკალური კონსიერჟ სერვისი სანაპიროზე დასვენების მოყვარულთათვის.)

ლიზას ახალ წამოწყებაში, როგორც თავად ამბობს, დიდი როლი მის შვილს- მაშოს უჭირავს, რომელმაც ბაკალავრის ხარისხი სან-ფრანცისკოს სახელმწიფო უნივერსიტეტში წარჩინებით მიიღო. მან ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება სტუმრების პრემიუმ მომსახურებასა და ღონისძიებების ოპერირებაში დააგროვა და ახლა დედასთან ერთად ახალი ბრენდის განვითარებაზე ზრუნავს.

ლიზა ხაბაზაშვილი: კონსიერჟ თბილისი პირველი ქართული კომპანიაა საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს კლასიკური საკონსიერჟო მომსახურება შესთავაზა. წარმატებული 10 წლიანი ისტორიის შემდეგ, კონსიერჟის ბიზნესმოდელი გასცდა საქართველოს ფარგლებს და კალიფორნიაში, კერძოდ ლოს-ანჟელესში დაიდო ბინა.

ერთ ერთი მოგზაურობის დროს სამხრეთ კალიფორნიაში, ახალი შესაძლებლობების ძიებასა და საინვესტიციო პროექტების გაცნობისას, აღმოვაჩინე კომპანია Beach Now, რომელიც 2015 წელს ვენის სანაპიროზე, ლოს-ანჯელესში დაარსდა.

ლიზა აღნიშნავს, რომ კალიფორნიაში ყველა სანაპირო საჯაროა, ხოლო კერძო სანაპირო, ფაქტობრივად, არ არსებობს. გარდა ამისა, სანაპიროზე არ ქირავდება ე.წ. გასარუჯი სავარძლები და ქოლგები.

“იქიდან გამომდინარე, რომ ლოს-ანჯელესში მცხოვრებლებისთვის ოკეანის სანაპიროზე დროის გატარება მათი ცხოვრებისა და კულტურის ნაწილია, “Beach Concierge”-ის იდეა და BEACH NOW -ს ხედვა – გაზარდოს ადამიანებისთვის წვდომა ოკეანის სანაპიროზე – საინვესტიციოდ მიმზიდველი გახდა”, – ამბობს ლიზა ხაბაზაშვილი.

მისი თქმით, სწორედ ასე გადაწყდა, რომ კონსიერჟ თბილისს დივერსიფიკაცია დაეწყო: ჩაეყარა საფუძველი მნიშვნელოვან და საინვესტიციოდ მრავალმხრივ პერსპექტიულ პროექტს, დაიწერა ბიზნეს გეგმა და დამუშავდა ბრენდის იდენტობა. ლიზა აღნიშნავს, რომ პროცესი საკმაოდ აზარტული აღმოჩნდა და ბოლო ექვსის თვის მანძილზე “სასიამოვნო ფუსფუსი ორ კონტინენტს შორის” უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

პირველი მასშტაბური პროექტი – BeachLife Festival 2025

BEACH NOW -მ პირველი დიდი ნაბიჯი გადადგა და ლოს-ანჯელესის გრანდიოზულ მუსიკალურ ფესტივალს, BeachLife Festival 2025-ს შეუერთდა მთავარი პარტნიორის სტატუსით.

ფესტივალი 2-4 მაისს “რედონდოს” სანაპიროზე გაიმართა. მასში მონაწილეობა 40-მდე მსოფლიო დონის არტისტმა მიიღო, რომელთა შორის იყვნენ : ლენი კრავიცი, Sublime, ალანის მორისეტი, ალოე ბლაკი და სხვები.

BEACH NOW ფესტივალზე საკუთარი VIP ზონით იყო წარმოდგენილი – ფერადი ქოლგები, კომფორტული ლაუნჯ ზონა, ბრენდირებული აქსესუარები, ბარი და სპეციალურად მოწყობილი ფოტო კუთხე, ლოს-ანჯელესისა და კონსიერჟ თბილისის გუნდის ერთობლივი შრომის შედეგად მოეწყო და ფესტივალზე ერთ-ერთ გამორჩეულ სივრცედ იქცა.

ლიზა ხაბაზაშვილი: ფესტივალი “რედონდოს” სანაპიროზე უკვე 7 წელია იმართება და შეიძლება ითქვას, რომ კალიფორნიელებისთვის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ფესტივალის ხედვა და მისია თანხვედრაშია BEACH NOW -ს მთავარ არსთან – შექმნას დაუვიწყარი მომენტები ზღვასთან, რაც აერთიანებს კალიფორნიის სანაპიროს კულტურას, ცოცხალ მუსიკასა და უნიკალურ გამოცდილებას.

ჩვენი ისტორია კი ასე დაიწყო: ფეისბუკზე გადავაწყდი შემთხვევით ფესტივალის რეკლამას და პირველი აზრი რაც გამიჩნდა იყო, რა კარგი იქნებოდა “BeachLife” და BEACH NOW დამეგობრებულიყვნენ. შესაძლო კოლაბორაციით საოცრად დავინტრიგდი, მაგრამ თან ძალიან წარმოუდგენლად მიმაჩნდა. ვინაიდან კონსიერჟ თბილისის მოტივატორი არის ფრაზა – “No is not an option” (არა, არ განიხილება)- ვიფიქრე რომ “არა”-ს დრო არც ახლა იყო და საკუთარი თავისთვის და ახლად რებრენდირებული ბრენდისთვის ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა მიმეცა. შევედი მათ საიტზე, შევავსე აპლიკაცია, გავაგზავნე და პასუხიც მომივიდა. შემდეგ რამდენჯერმე დამიბარეს შეხვედრაზე. მოვუყევი, რომ ვიყავი საქართველოში კონსიერჟ თბილისის დამფუძნებელი და ღონისძიებების ორგანიზების კუთხით დიდი გამოცდილება მქონდა. როგორც ჩანს მათაც დავანახე BEACH NOW -სა და “BeachLife Festival-ის” საერთო ენერგია და ასე შედგა ჩვენი კოლაბორაცია-პირველი მასშტაბური პროექტი.

ეს ახლაც ჰგავს ჩემთვის ჰოლივუდის ფილმის სცენარს – ლოს-ანჯელესში ჩასული გოგონა, რომელსაც ჯერ არ ჰყავს იქ არც მეგობრები, არც სანაცნობო წრე და უეცრად უდიდესი კულტურის ნაწილი ხდება. ის უმოკლეს დროში იცნობს უამრავ ბიზნეს პარტნიორს და ნამდვილად უმტკიცებს საკუთარ თავს, რომ “არა, არ განიხილება” და ყველაფერი, რაზეც ოცნებობ შესაძლოა რეალობად აქციო!” – აღნიშნავს ლიზა ხაბაზაშვილი.

რა არის BEACH NOW

BEACH NOW 2015 წელს შეიქმნა ლოს ანჟელესის ერთ-ერთ ცნობილ სანაპიროზე, “Venice Beach”-ზე, და მისი მთავარი მისიაა სრულად უზრუნველყოს სანაპიროზე კომფორტული და დაუვიწყარი დროის გატარება.

ლიზა შვილისთან ერთად ახალი ენერგიით აგრძელებს ბრენდის კონცეფციის გამდიდრებას რათა მომხმარებელს შესთავაზონ არა მხოლოდ მომსახურება, არამედ განსაკუთრებული გამოცდილება უმაღლეს დონეზე.

ეს გამოცდილება შესაძლოა შეიქმნას როგორც ორი ადამიანისთვის, ასევე მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის, იქნება ეს უბრალოდ ერთი დღის გატარება თუ განსაკუთრებული დღის აღნიშვნა ოკეანის სანაპიროზე. დაუვიწყარი გუნდური აქტივობები, იოგა მზის ამოსვლისას, კომპანიის პიკნიკები, უფროსებისა და ბავშვების დაბადების დღეები, იუბილეები, საქორწილო ღონისძიებები, წვეულებებით და ა.შ. – ყველა სურვილს BEACH NOW ჰპასუხობს.

ლიზა ხაბაზაშვილი: Beach Concierge ითვალისწინებს ყველა დეტალს ამინდის პროგნოზით დაწყებული, პარკინგითა და ქეითერინგით დასრულებული. ასევე, უზრუნველვყოფთ კომფორტულ ავეჯს, მუსიკასა თუ სხვა ნებისმიერ დეტალს, რაც თითოეული დამკვეთის დღეს მართლაც გამორჩეულს გახდის. ჩვენს სტუმრებს შეუძლიათ აირჩიონ სასურველი დღე, შემდეგ კი უბრალოდ დატკბნენ ყოველი წამით.

ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ, BEACH NOW -ს დაპირება – “You show up and we take care of the rest” (შენ მოდიხარ, ხოლო დანარჩენზე ვზრუნავთ ჩვენ) – კარგად ასახავს ქართული სტუმართმოყვარეობის ღირებულებებს. შეიძლება ითქვას, რომ ქართული სტუმართმასპინძლობის სულისკვეთება დღეს უკვე სამხრეთ კალიფორნიაში იდგამს ფეხს”, – ამბობს ლიზა ხაბაზაშვილი.

კომპანიის რებრენდინგი

ლიზა ხაბაზაშვილის თქმით, ბრენდის იდენტობასა და ლოგოზე ქართულმა კომპანიამ “ISTUDIO-მ” იმუშავა.

“განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ტატუკა ჭუმბურიძესა და მის გუნდს. ოთხი თვის განმავლობაში 11 საათიანი სხვაობით კალიფორნიასთან, სხვადასხვა ფოკუს ჯგუფებთან მუშაობით, ბევრი განსხვავებული აზრისა თუ კრიტიკის მიუხედავად, მან ფანტასტიურად გაართვა თავი დასმულ ამოცანას და შეიძლება ითქვას, რომ დღეს “Beach Now-ს” აქვს ერთ-ერთი გამორჩეული, ახალგაზრდული, პრანჭია და თამამი იდენტობა, რომელიც კარგად გამოხატავს ოკეანის სანაპიროსთან ცხოვრების წესს”, – ამბობს ის.

კონსიერჟ თბილისისა და BEACH NOW10 წლანი მეგობრობა და სამომავლო გეგმები.

ლიზა: როდესაც თავდაპირველად BEACH NOW აღმოვაჩინე და მისი 10 წლიანი ისტორია გავიგე, საკუთარ თავში მაშინვე კონსიერჟ თბილისთან დავაკავშირე. ვიფიქრე, რომ ახლა სწორედ ის დრო იყო, როდესაც BEACH NOW -თვისაც ახალი ისტორიის ფურცელი უნდა დამეწერა, ახალი სული შთამებერა და ქართული 10 წლიანი გამოცდილება უკვე ამერიკულ რეალობაში გადმომეტანა. უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მეორე ოჯახი- კონსიერჟ თბილისი და ჩემი ახლი მეგობარი BEACH NOW– ორივე საკუთარი ისტორიის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავიდა და დარწმუნებული ვარ ახალი დეკადა ორივესთვის კიდევ უფრო წარმატებული და საინტერესო იქნება”, – თქვა ლიზა ხაბაზაშვილმა.

გამომდინარე იქიდან, რომ BEACH NOW სეზონურ ბიზნესად ითვლება, ლიზამ გადაწყვიტა, რომ ბრენდი ოქროსფერ სანაპიროს უნდა გასცდეს და VIP სტუმრებისთვის უნიკალური ტურებიც დააორგანიზოს კონსიერჟ თბილისთან კოლაბორაციით.

“ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა ადამიანებისთვის, რომ ყველანაირი ძალისხმევის გარეშე ჩამოვიდნენ კალიფორნიაში, ეზიარონ ჰოლივუდის ცხოვრებას, მოხვდნენ ადგილებში, სადაც მხოლოდ ვარსკვლავები დადიან და შეიქმნან დაუვიწყარი მოგონებები. წინ გვაქვს ლოს-ანჯელესში FIFA-ს მსოფლიო თასი 2026 და ოლიმპიური თამაშები 2028. განსკუთრებული შეთავაზებები კი მალე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის”,- ამბობს ლიზა ხაბაზაშვილი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.beachnow.me

www.conciergetbilisi.com

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *