ბოლო ერთი თვის განმავლობაში ძირითადი ინდექსების (SENSEX, NIFTY) შეფასება საშუალოდ 10%-ითაა გაზრდილი, რაც გლობალურ ბირჟაზე დაფიქსირებული ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია. რაც შეეხება ერთკვირიან პერიოდს, ამ მიმართულებით ცვლილება მინიმალურია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორებს კონფლიქტის ესკალაციის საკითხი არ აღელვებთ და მათ ინდოეთის ეკონომიკასთან დაკავშირებით მაინც პოზიტიური მოლოდინები აქვთ.
საერთო ჯამში, მსხვილ ეკონომიკებს შორის ინდოეთს ზრდის საუკეთესო დინამიკა აქვს. მაგალითად, IMF-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკა 6.2%-ით გაიზრდება, ხოლო 2026 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის მატების მაჩვენებელი 6.3%-ის ფარგლებში იქნება. თუკი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი გამართლდება, მაშინ წელს ინდოეთი ეკონომიკის მოცულობით იაპონიას გადაუსწრებს და გლობალურ რეიტინგში $4.2-ტრილიონიანი შედეგით მე-4 ადგილს დაიკავებს.
ინდოეთის სწრაფ განვითარებას იქ არსებული 1.5-მილიარდიანი მოსახლეობა, დაჩქარებული ურბანიზაცია და გაციფრულების ტენდენცია განაპირობებს, რასაც ბუნებრივი რესურსების მარაგი და მუშახელის კვალიფიკაციის საგრძნობი ზრდა აჩქარებს.
ეკონომიკის ზრდის ფონზე, ბუნებრივია, რომ საფონდო ინდექსების შეფასება იზრდება, რადგან კომპანიები მეტი შემოსავლის მიღებას ახერხებენ, რაც მათ კაპიტალიზაციაზე პოზიტიურად აისახება.