კრემლში აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიტყვები, რომ ვლადიმერ პუტინი „სრულიად გაგიჟდა“, შესაძლოა, ემოციური გადატვირთვის შედეგი იყოს.
კრემლის პრესსპიკერის თქმით, მადლობას უხდის ამერიკის ლიდერს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაში დახმარებისთვის.
„ჩვენ ნამდვილად მადლიერი ვართ ამერიკელების და პირადად პრეზიდენტ ტრამპის ამ მოლაპარაკების პროცესის ორგანიზებასა და დაწყებაში დახმარებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან გადამწყვეტი მომენტი, რომელიც დაკავშირებულია ყველას აბსოლუტურ ემოციურ გადატვირთვასთან და ემოციურ რეაქციებთან. ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს“, – განაცხადა კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, როდესაც კითხვა დაუსვეს ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოსკოვის მიერ უკრაინაზე ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმის შემდეგ განაცხადა, რომ „უკმაყოფილოა ვლადიმერ პუტინით“. „ის ბევრ ადამიანს ხოცავს და არ ვიცი, რა ჯანდაბა დაემართა. დიდი ხანია, ვიცნობ. მასთან ყოველთვის კარგად ვთანხმდებოდი, მაგრამ ის ქალაქებში რაკეტებს ისვრის, ხალხს ხოცავს და ეს საერთოდ არ მომწონს. ის საერთოდ გაგიჟდა. უმიზეზოდ ხოცავს უამრავ ადამიანს და მე მხოლოდ ჯარისკაცებზე არ ვლაპარაკობ“, – განაცხადა ტრამპმა.