“ლგბტ+ პირების შევიწროებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, გააუქმონ დისკრიმი

“ლგბტ+ პირების შევიწროებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, გააუქმონ დისკრიმი
ყოველ ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს თავისუფლად, თანასწორად და ღირსეულად. ადამიანის უფლებები გვეკუთვნის ყველას — ვინც არ უნდა ვიყოთ, სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ და ვინც არ უნდა გვიყვარდეს, – ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო (IDAHOT) დღეს.

განცხადების მიხედვით, ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოთქვამს შეშფოთებას ლგბტ+ პირების მიმართ დისკრიმინაციის, შევიწროებისა და ძალადობის საკითხზე, მკაფიო მხარდაჭერას გამოხატავს მათ უფლებების სრულად დაცვაში.

კაია კალასი აკეთებს მოწოდებას ყველა ქვეყნის მიმართ, გააუქმონ დისკრიმინაციული კანონმდებლობა, აღკვეთონ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები და სიძულვილის ენა და აღმოფხვრან სისტემური უთანასწორობა.

“ლგბტ+ პირების მიმართ დისკრიმინაციასა და შევიწროებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს მსოფლიოში არსად. თანასწორობა, თავისუფლება, ადამიანური ღირსება, დისკრიმინაციისგან დაცულობა და სამართლიანობა — ესაა საერთო უნივერსალური ღირებულებები, რომლებიც ევროკავშირის საფუძველს წარმოადგენს. ეს პრინციპები ვრცელდება ყველასთვის — სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მიუხედავად.

ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი ღირსებითა და უფლებებით. ლგბტ+ პირებს აქვთ ისევე ადამიანის უფლებები, როგორც ყველას, მათ შორის — თავისუფლება დისკრიმინაციისგან. მიუხედავად ამისა, დღესაც, ბევრ ქვეყანაში ისინი განიცდიან გარიყვას, შევიწროებას, ძალადობასა და დევნას — მხოლოდ იმის გამო, ვინც არიან და ვისაც უყვართ.

ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია იმით, რომ სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა კვლავ გამოიყენება ადამიანის უფლებების დარღვევის გასამართლებლად. ლგბტ+ პირები ხშირად ხდებიან ძალადობის, სიძულვილის ენის, აგრესიის, დეზინფორმაციისა და სტიგმატიზაციის სამიზნე.

ევროკავშირი მკაფიოდ გმობს ლგბტ+ პირების მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის ყოველგვარ ფორმას — მათ შორის სიძულვილის ენას, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებსა და ონლაინ შევიწროებას. ჩვენ მკაცრად ვეწინააღმდეგებით იმ კანონებს, რომლებიც კრიმინალად მიიჩნევს ორმხრივ თანხმობაზე დაფუძნებულ ერთსქესიან ურთიერთობებს — ეს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების უხეშ დარღვევას.

საგანგაშო ტენდენციების მიუხედავად, პროგრესი გრძელდება. მხოლოდ გასულ წელს ორმა ქვეყანამ დეკრიმინალიზაცია გაუკეთა ერთსქესიან ურთიერთობებს, ხოლო რამდენიმე ქვეყანაში ლგბტ+ პირების უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლა დაფიქსირდა.

ინკლუზიური პოლიტიკა გარდამტეხია. ევროკავშირი გააძლიერებს ძალისხმევას უთანასწორობისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლაში — განსაკუთრებული ყურადღებით იმ შემთხვევებზე, სადაც რამდენიმე დისკრიმინაციული ფაქტორი იკვეთება, მათ შორის სქესის, რასის, ეთნიკური ან სოციალური წარმომავლობის, რელიგიისა და მრწამსის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, შეზღუდული შესაძლებლობების, ასაკის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე.

ევროკავშირში ჩვენ გავაგრძელებთ თანასწორობის ხელშეწყობას. ევროკომისია, თავის პოლიტიკურ მითითებებზე დაყრდნობით, წარადგენს ლგბტქი თანასწორობის განახლებულ სტრატეგიას, რომელიც მოიცავს ე.წ. “კონვერსიული პრაქტიკის” აკრძალვას და სიძულვილით მოტივირებული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას — მათ შორის ციფრულ სივრცეშიც.

ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო (IDAHOT) დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ურყევ მხარდაჭერას ლგბტ+ პირების ადამიანის უფლებების სრულად და თანასწორად აღსრულების უზრუნველსაყოფად. მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, გააუქმონ დისკრიმინაციული კანონმდებლობა, აღკვეთონ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები და სიძულვილის ენა და აღმოფხვრან სისტემური უთანასწორობა.

ყოველ ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს თავისუფლად, თანასწორად და ღირსეულად. ადამიანის უფლებები გვეკუთვნის ყველას — ვინც არ უნდა ვიყოთ, სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ და ვინც არ უნდა გვიყვარდეს”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *