ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი იმერეთის რეგიონში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დროებით დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ესტუმრა. მთავრობის თავმჯდომარემ 99 წლის გულრიფშელ ორესტი ბერულავას 9 მაისი მიულოცა, გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრები გადასცა.
“ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ასეთ ადამიანებს და მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ მეხსიერება იმ გმირობისა, რომელმაც ფაშიზმზე გამარჯვება მოიტანა. ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის სიძლიერისა და სიმტკიცის საფუძველს წარმოადგენენ და მათი დაფასება თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა”, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, სარეზერვო ფონდიდან, აფხაზეთიდან დროებით დევნილი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი 1000-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს. დღესვე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები მეორე მსოფლიო ომის კიდევ ერთ ვეტერან არტემ კოპალიანთან იმყოფებოდნენ, რომელსაც აფხაზეთის მთავრობისგან ასევე 1000 ლარი გადაეცემა.
დღეს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, ხოლო 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.