ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა უჩივლა და 10 000 ლარის გადახდას და იმის აღიარებას სთხოვს, რომ მის ოჯახს არ მოუპარავს 65 მილიონი. “ბედი ხო არაფერში არ მაქვს. ხალხი რა ბრძოლას და განსაცდელს გადის და როგორი საგმირო პერიოდი უდგას საქართველოს, მე კიდე წილოსანმა მიჩივლა და ათი ათას ლარს მთხოვს. და კიდე უნდა ვთქვა რომ მის ოჯახს არ მოუპარავს 65 მილიონი, რასაც ქოცების პროკურატურა ამტკიცებდა ათ წელზე მეტ ხანს. არა და ასე ვიცოდი, რომ მისმა ოჯახმა 65 მილიონი მოიპარა რაღაც ვაგონმშენებლისაგან. თქვენც ხომ არ გსმენიათ, რომ მის ოჯახს 65 მილიონი ჰქონოდეს მოპარული ვაგონმშენებლისაგან? თუ რამე იცით, იმის შესახებ, რომ წილოსანის ოჯახს ვაგონმშენებელი ქარხნის საშუალებით 65 მილიონი აქვს მოპარული, კომენტარებში ჩამიყარეთ, იქნებ გამომადგეს სასამართლოში. ჯერ რაღაცა უნდა ჩავიბარო და მეტი დეტალი მერე მეცოდინება”, — წერს ლევან ღამბაშიძე (სტილი დაცულია). შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ლევან ღამბაშიძის მიერ 12 თებერვალს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს, სადაც ის წერს, რომ ნინო წილოსანის ოჯახმა “ბიუჯეტიდან 65 მილიონი ლარი მოიპარა”. “მთავრობამ დააანონსა(რა მაგარი ენაა ქართული, თავისი სამი ა-თი), რომ დასავლურ გრანტებზე სრულიად უარის თქმის შემდეგ თავად შექმნის რაღაც ორგანიზაციას, რომელსაც ექნება 20 მილიონიანი ბიუჯეტი და რომელიც სამთავრობო გრანტებს გაანაწილებს სამთავრობო ენჯეოებზე. ანუ, მთელს საქართველოს რა გრანტებიც შეუწყდება, მაგის დაბალანსებას ცდილობს იმაზე სამჯერ ნაკლები თანხით, რაც წილოსანის ოჯახმა მოიპარა ბიუჯეტიდან. მგონი ხოშიანი თრეიდია არა? რას იტყვით წილოსანის ამომრჩევლებო? თქვენ არ გენდომებოდათ ეგ 65 მილიონი? და დასავლური გრანტები რო თქვენს ცხოვრებას აუმჯობესებდა, ეგ გაცვალეთ წილოსანის გაუმჯობესებულ ცხოვრებაში?” — წერდა ლევან ღამბაშიძე (სტილი დაცულია). ამის შემდეგ ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ საჯაროდ არ უარყოფდა ლევან ღამბაშიძე ამ ბრალდებას სასამართლოში შეხვდებოდნენ.
ლევან ღამბაშიძე: წილოსანმა მიჩივლა და ათი ათას ლარს მთხოვს
