ლენტეხში დარიშხანის ნარჩენების სარკოფაგის მშენებლობა მიმდინარეობს — რა ვითარებაა ადგილზე

ლენტეხში დარიშხანის ნარჩენების სარკოფაგის მშენებლობა მიმდინარეობს — რა ვითარებაა ადგილზე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი, ნინო უტიაშვილი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცანაში ჩავიდა. მან ადგილზე დაათვალიერა 50 500 კუბური მეტრი მოცულობის სარკოფაგის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოები, სადაც დარიშხანის შემცველი ნარჩენები განთავსდება. ინფრომაციას უწყება ავრცელებს.

ეს სარკოფაგი 90-იან წლებში დაშლილი დარიშხანის მომპოვებელი და გადამმუშავებელი საწარმოს შემდეგ დარჩენილი ნარჩენების უსაფრთხო განლაგებას ისახავს მიზნად. საწარმო მდინარე ყორულდაშის მახლობლად ფუნქციონირებდა.

ინფორმაციის მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, ჩატარდა კვლევები და მომზადდა ანგარიშები დარიშხანშემცველი ნარჩენების საცავის მოსაწყობად. პროცესში ჩართული იყვნენ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ექსპერტები. უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად არაერთი საჯარო განხილვა გაიმართა ექსპერტებისა და მოსახლეობის მონაწილეობით.

რა გაკეთდა უკვე?

2024 წელს დასრულდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი:

  • მდინარე ყორულდაშის მონოლითური რკინაბეტონის ნაპირსამაგრი ჯებირის, წყალგამტარი არხისა და სალექარის მშენებლობა.
  • 224 მეტრი სიგრძის დამცავი ჯებირის აშენება, რომელიც წყალდიდობის შემთხვევაში დაიცავს სარკოფაგს წარეცხვისგან.
  • 350 მეტრი სიგრძის რკინაბეტონის არხის მოწყობა, რომელიც სარკოფაგის ტერიტორიის დატბორვისა და დაჭაობებისგან დაცვას უზრუნველყოფს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სარკოფაგის მოწყობა 4 მლნ ლარამდე ჯდება.

პროექტის პირველი ორი ფაზა უკვე დასრულებულია. ამ დრომდე მოეწყო ტერიტორიის იზოლაცია, ნაპირდაცვითი, სალექარი და წყალგამყვანი არხები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *