საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი ლიკვიდირებულია. შესაბამისი გადაწყვეტილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე დღეს, 5 ივნისს მიიღეს.
ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ განისაზღვრა საგარეო საქმეთა სამინისტრო, რაც ნიშნავს, რომ ლიკვიდირებული ინსტიტუტის ყველა დოკუმენტაცია, სახელმწიფო ქონება და ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებები სამინისტროს გადაეცემა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
დადგენილებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა კომისიის შექმნა, რომელიც განიხილავს ინსტიტუტში დასაქმებულ თანამშრომელთა სამინისტროს სისტემაში შემდგომი დასაქმების შესაძლებლობას და მოამზადებს შესაბამის წინადადებებს.
რას გულისხმობს ინსტიტუტის ლიკვიდაცია?
1 ივლისამდე შეიქმნება სალიკვიდაციო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს:
- ინსტიტუტის ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა სრულ ინვენტარიზაციას და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენას.
- ინსტიტუტში არსებული დოკუმენტაციის დამუშავებას, სისტემატიზაციას და დაარქივებას (საჭიროების შემთხვევაში — განადგურებას), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების განხორციელებას.
ცნობისთვის, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ინსტიტუტის ბიუჯეტი 1.295 მლნ ლარი იყო.
ნატო-ს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი უქმდება