რაც შეეხება უშუალოდ სასამართლო პროცესს, დღეს გაერთიანებული სამეფოს Privy Council-ი, რომელიც არის უკანასკნელ სააპელაციო სასამართლო გაერთიანებული სამეფოს ზღვისიქითა ტერიტორიებისთვის (ბერმუდა, კაიმანის კუნძულები და სხვა) დაიწყო საქმის განხილვა, სადაც მოსარჩელე UBS/Credit Suisse-ია. სასამართლოს ვებგვერდის თანახმად, პროცესები 16-19 ივნისს არის ჩანიშნული. ეს სარჩელი მიმართულია იმისკენ, რომ ბანკმა არ აღასრულოს მასზე ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში ბერმუდის სასამართლოს მიერ დაკისრებული განაჩენი, რომლითაც მას ივანიშვილის სასარგებლოდ 607 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდას აკისრებდა. ბანკმა ბერმუდის კუნძულებზე ყველა წინა ინსტანციის სასამართლოში წააგო.
Credit Suisse-მა ასევე წააგო მრავალწლიანი დავა სინგაპურშიც, სადაც საბოლოო განაჩენით ივანიშვილის სასარგებლოდ 461 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ აშშ-ს მიერ ივანიშვილისთვის 2024 წლის 27 დეკემბერს დაკისრებულ ფინანსურ სანქციებში აღნიშნულია, რომ ივანიშვილს აშშ-ს შესაბამისი ნებართვის გარეშე შეზღუდული აქვს სინგაპურში მოგებული დავიდან კომპენსაციის მიღება (საუბარია 461 მილიონ დოლარზე), თუმცა ამ სანქციების დოკუმენტში არაფერია ნათქვამი ბერმუდის კუნძულებზე (და ახლა უკვე ბრიტანეთის Privy Council-ში) მიმდინარე სამართლებრივი დავის შესახებ, რომლის ფარგლებშიც დაკისრებული კომპენსაცია (ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილებით) 607 მილიონ დოლარს შეადგენს.
დავა Credit Suisse-სთან ბერმუდის კუნძულებზე – ისტორია:
სასამართლო დავა ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების სახელზე განხორციელებულ პირად სადაზღვევო შენატანებს ეხება. სასამართლო მასალებში აღნიშნულია, რომ ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულებზე, Credit Suisse Life-ის ოფისს 2011 და 2012 წლებში დადებული ხელშეკრულებით, $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი მიანდო. ეს შენატანი “სადაზღვევო პრემიის” სახეს ატარებდა და მის ინვესტირებასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი თავად შვეიცარიული ბანკი იყო.
2015 წელს კი, ბიძინა ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ ამ სადაზღვევო სქემიდან $400 მილიონი დოლარი გაქრა, რაც Credit Suisse-ში მისი ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ოპერაციებს უკავშირდებოდა. 2017 წელს ივანიშვილის იურისტებმა სარჩელი ბერმუდის კუნძულების სასამართლოში შეიტანეს.
პატრიკ ლესკადრონი სასამართლო განხილვის დაწყებიდანვე აღიარებდა დანაშაულს. მისი თქმით, ივანიშვილის ხელმოწერას 2008 წლიდან მოყოლებული აყალბებდა. ხელმოწერის გაყალბებით აფორმებდა გარიგებებს, რომლებზეც ივანიშვილისგან ავტორიზაცია არ ჰქონდა მიღებული.
Credit Suisse-ის აღმასრულებლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ბანკს წლების განმავლობაში მიმდინარე სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და რომ თაღლითური სქემის ავტორი მხოლოდ ყოფილი პირადი ბანკირია. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს პოზიცია არ გაიზიარა ბერმუდის სასამართლომ, რომელმაც ბანკს მრავალმილიონიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
2023 წლის მარტში Credit Suisse-ი UBS-მა შეიძინა, შესაბამისად, ივანიშვილთან დავებს ამჟამად UBS ჯგუფი აწარმოებს.