შუშის პირამიდასთან ათასობით ტურისტი და ვიზიტორი შეფერხდა მას შემდეგ, რაც მუზეუმის თანამშრომლებმა, მათ შორის გალერეის კურატორებმა, ბილეთების გამყიდველებმა და დაცვის თანამშრომლებმა, დილის რუტინული შეხვედრის შემდეგ, სამუშაო ადგილებზე დაბრუნებაზე უარი განაცხადეს. თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ “გაუსაძლისი” სამუშაო პირობები ყოველდღიურ ოპერაციებს ურთულებთ და ფიზიკური წნეხის ქვეშ აყენებთ.
გაფიცვამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზის ლუვრის კრიზისს, რომელმაც თავი პირველად ჯერ კიდევ 2013 წელს, თანამშრომელთა პროტესტის შედეგად იჩინა. გავრცელებული ინფორმაციით, მუზეუმში, რომელმაც გასულ წელს 8.7 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლა, გამოწვევების წინაშე დგას. კერძოდ, მუზეუმში არ არის საკმარისი დასასვენებელი ადგილები, ინფრასტრუქტურა კი თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. მუზეუმის ზოგიერთი ნაწილი ამინდის მიმართ მედეგი აღარ არის, რასაც, მუზეუმის პრეზიდენტის გაფრთხილებით, ფასდაუდებელი ნამუშევრების განადგურება შეუძლია. როგორც ლორენს დე კარმა The Washington Post-თან აღნიშნა, ლუვრში როგორც თანამშრომლების, ასევე ვიზიტორების ამჟამინდელი გამოცდილება “ფიზიკური განსაცდელია”.
ლუვრის პრობლემების გადასაჭრელად საფრანგეთის პრეზიდენტმა 10-წლიანი გეგმა უკვე წარადგინა. მაკრონის ინიციატივა – “ლუვრის ახალი რენესანსი” – მუზეუმის ყველაზე ცნობილი ექსპონატისთვის, მონა ლიზასთვის, ცალკე დარბაზის გამოყოფას ითვალისწინებს.
გაფიცვის ფარგლებში მუზეუმის თანამშრომლებმა მაკრონის გეგმაც გააკრიტიკეს. მათი თქმით, პრეზიდენტი პრობლემების გრძელ ვადაში გადაჭრის პირობას დებს, თუმცა არაფერს აკეთებს იქ მომუშავე პირთა საჭიროების დაუყოვნებლივ დასაკმაყოფილებლად, რისთვისაც, თანამშრომელთა თქმით, წლობით ლოდინი არ სურთ.