“მადლობას გიხდით იმისათვის, რომ შევძელით გავმკლავებოდით ყველაფერს” – ლილუაშვილი სუს-ის თანამშრო

“მადლობას გიხდით იმისათვის, რომ შევძელით გავმკლავებოდით ყველაფერს” – ლილუაშვილი სუს-ის თანამშრო
გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის თანამშრომლებს დაემშვიდობა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ანრი ოხანაშვილი ჩაუდგა სათავეში. ის “ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა, გრიგოლ ლილუაშვილს კი მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, ახალ ხელმძღვანელთან ერთად, წარმატება უსურვა.

“მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ ამ წლების განმავლობაში, ამ დიდი გამოწვევების ფონზე, შევძელით ერთად გავმკლავებოდით ყველაფერს. რა თქმა უნდა, იყო კრიტიკული სიტუაციებიც, იყო წყნარი, მშვიდი პერიოდიც, თუმცა საერთო ჯამში, ეს მაინც შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთული პერიოდად, როდესაც ქვეყანამ შეძლო მშვიდობიანი და უსაფრთხო განვითარება. ეს, რა თქმა უნდა, მოხდა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობით და აღებული კურსის შესაბამისად, სადაც ჩვენც თითო აგური შევიტანეთ უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცებაში.

ეს თქვენი დამსახურებაა და ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ. მადლობა, რომ თანაზიარი ვიყავი თქვენთან ერთად ამ პროცესის – მიმეღო მონაწილეობა და მეხელმძღვანელა ამ ძალიან ღირსეული და პატრიოტული უწყებისთვის. დიდი მადლობა ბატონ პრემიერ-მინისტრს, ძალიან მიხარია, რომ ჩემი, როგორც სამსახურის უფროსის შემცვლელად, წარადგინა ბატონი ანრი ოხანაშვილი. ბატონი ანრი იყო ნდობის ჯგუფის წარმომადგენელი, ის მონაწილეობას იღებდა ჩვენთან დაკავშირებული თემების როგორც განხილვაში, ისე ამ თანამშრომლობის ფონზე ახორციელებდა საპარლამენტო ზედამხედველობას ჩვენს უწყებაზე. ეს ადამიანი გარდა თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებებისა, ძალიან შორს ნამდვილად არ არის ჩვენი საქმიანობის სპეციფიკასთან. კარგად იცნობს ჩვენი მუშაობის ასპექტებს, ძირითად მიმართულებებს, პრიორიტეტებს და მინდა, წარმატებები ვუსურვო ბატონ ანრის და მის მოადგილეებს,“- განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, გრიგოლ ლილუაშვილი “ოცნების” თავდაპირველი გეგმით ახალშექმნილი რეგიონული განვითარების სამინისტროს უნდა ჩასდგომოდა სათავეში, თუმცა გუშინ ცნობილი გახდა, რომ ლილუაშვილი ამ პოსტზე აღარ დაინიშნება. კობახიძემ მიზეზად “განსხვავებული მოსაზრებები” დაასახელა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *