“მან ისეთი რამ სცადა, რის გამოც პასუხი აღარ დაიმსახურა და დაიმსახურა კანდიდატურის გამოწვევა” – კო

“მან ისეთი რამ სცადა, რის გამოც პასუხი აღარ დაიმსახურა და დაიმსახურა კანდიდატურის გამოწვევა” – კო
“ოცნების” პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველომ UNWTO-ს ხელმძღვანელის არჩევნებიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მის მიერ ხელისუფლებისადმი “უდიერი დამოკიდებულებისა” და “თავში ჩარტყმის” მცდელობის გამო მოხსნა. როგორც მან ბათუმში ვიზიტისას მედიას განუცხადა, პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნა უალტერნატივო გადაწყვეტილება იყო.

საქმე ის არის, რომ ორი დღის წინ ონლაინგამოცემა The Diplomat-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის მესამე ვადით არჩევას მხარს აღარ დაუჭერდა. ირაკლი კობახიძემ ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ პოლოლიკაშვილის მესამე ვადით არჩევის გამო, სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს ელჩებს იბარებდნენ და გადაწყვეტილებას აკრიტიკებდნენ.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნა და საქართველოს მიერ არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატის მხარდაჭერა ერთმანეთთან კავშირში არ არის. მან ასევე გუშინ “იმედის” ეთერში თქვა, რომ “ჩვენი ელჩების დაბარება დაიწყეს კონკრეტულმა სახელმწიფოებმა, რომ მესამედ წარვადგინეთ გაეროს სისტემაში კანდიდატურა”.

“ვერ დავაკონკრეტებ ელჩების ვინაობას, ვინაიდან დახურულ რეჟიმში ხდება ელჩების დაბარება და უკმაყოფილების გამოხატვა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ შემთხვევაში, მესამე ვადით დავუჭირეთ მხარი კონკრეტულ კანდიდატურას. საუბარია საქართველოს ელჩებზე, რომლებიც დაიბარეს და ანგარიში მოსთხოვეს. რაც შეეხება კანდიდატურას, ისეთი აღქმა აქვთ ვიღაც-ვიღაცებს, რომ ჩვენი ხელისუფლება, კეთილშობილური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, იმსახურებს უდიერ დამოკიდებულებას; რომ შეიძლება, თავში ჩაარტყან ხელისუფლებას და იქიდან რეაქციაც არ უნდა მიიღონ. ჩვენ, რა თქმა უნდა, თავში ჩარტყმას თავში ჩარტყმით არ ვუპასუხებთ, მაგრამ ასეთ ქმედებებზე ყველა მიიღებს შესაბამის პასუხს და სწორედ ამას ეფუძნებოდა მიღებული გადაწყვეტილება.

არაფერ კავშირში არ არის ეს არაბთა გაერთიანებული საამიროების ან რომელიმე სხვა ქვეყნის კანდიდატის მხარდაჭერასთან. ჯერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება კანდიდატურის მოხსნის თაობაზე და შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერაზე. არავითარი კავშირი არ არის ამ ორ მოვლენას შორის. რომ არ ყოფილიყო ეს უდიერი მიდგომა, თავში ჩარტყმის მცდელობა და ა.შ. ყველაფერი იქნებოდა სხვანაირად”, – ამბობს ირაკლი კობახიძემ.

“ოცნების” პრემიერ-მინისტრი არ აკონკრეტებს, რა იგულისხმება პოლოლიკაშვილის მიერ საქართველოს ხელისუფლებისადმი “უდიერად მოპყრობაში”. მისი თქმით, მიუღებელია ლექსიკა, რომელიც UNWTO-ს ხელმძღვანელმა “ქართული ოცნების” მისამართით გამოიყენა.

ზურაბ პოლოლიკაშვილმა “ფორმულასთან” განაცხადა, რომ “თვითმფრინავში ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება, ის, რომ ჩემთან შეთანხმებულია, არის დიდი ტყუილი – გამოვიდეს კობახიძე და თქვას, რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა”. მისივე თქმით, იგი სამი კვირაა ირაკლი კობახიძეს უკავშირდება, თუმცა პრემიერი მას არ პასუხობს.

რას (არ) პასუხობს ზურაბ პოლოლიკაშვილი?

“გამოქვეყნდა მესიჯი, რომელმაც ცხადად დაადასტურა, რომ უალტერნატივო იყო გადაწყვეტილება. ჯერ მარტო, ეს კაცი არის წლის ბოლომდე გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. როდესაც ასეთი კაცი, ჯერ კიდევ თანამდებობაზე მყოფი, ასეთი ლექსიკით საუბრობს საკუთარი წარმდგენი ქვეყნის ხელისუფლებაზე, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ.

პასუხს უნდა იმსახურებდე, რომ ამაზე პრეტენზია გამოთქვა. როცა ვიღაცა ცდილობს, საქართველოს ხელისუფლებას თავში ჩაარტყას, მერე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს, რომ არ პასუხობენ. მან სცადა ისეთი რამ, რის გამოც აღარ დაიმსახურა პასუხი და დაიმსახურა კანდიდატურის გამოწვევა. ის დაუპირისპირდა სახელმწიფო ინტერესებს. უფრო მეტად არ განვმარტავ, რადგან საქმე ეხება ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ იკავებს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას წლის ბოლომდე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად პირველი ვადით 2017 წელს, ხოლო მეორე ვადით 2021 წელს დაამტკიცეს და მისი უფლებამოსილება მიმდინარე წლის 31 დეკემბერს იწურება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *