მარკო რუბიო სერგეი ლავროვს ესაუბრა

მარკო რუბიო სერგეი ლავროვს ესაუბრა
უკრაინის მხრიდან რუსეთის აეროდრომებზე განხორციელებული შეტევის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს ესაუბრა. ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს.

„დღეს, რუსეთის თხოვნით, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს ესაუბრა. მდივანმა რუბიომ გაიმეორა პრეზიდენტ ტრამპის მოწოდება ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით კი სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ უკრაინის კრიზისის პოლიტიკური დარეგულირების ინიციატივებზე იმსჯელეს, რაც დღეს, სტამბოლში დაგეგმილ რუსეთ-უკრაინის მოლარაპარაკებებსაც მოიცავდა.

„სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ აზრები გაცვალეს სხვადასხვა ინიციატივების შესახებ, რომელიც უკრაინის კრიზისის დარეგულირებას ეხება“, – ნათქვამია რუსული უწყების განცხადებაში.

2 ივნისს, სტამბოლში, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, კიევის დელეგაცია შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს და მას კვლავ თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ჩაუდგება სათავეში.

1 ივნისს, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად, როგორც მედია დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერს, განადგურებულია სულ მცირე 41 სტრატეგიული ბომბდამშენი. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაზიანდა დაახლოებით 7 მლრდ დოლარის ღირებულების რუსული ტექნიკა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა აეროდრომებზე დარტყმები ხუთ რეგიონში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *