25 მარტსვე, სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაციები, რომ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ესაუბრა სომხეთის პრემიერს, ბალტიის ქვეყნების და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებთანაც საუბარი მათ შორის უკრაინასა და კავკასიაში მშვიდობას შეეხო.
რუბიოს შეხვდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰაკან ფიდანს
მხარეებმა უსაფრთხოებისა და ვაჭრობის ძირითად საკითხებზე თანამშრომლობა განიხილეს. მდივანმა სთხოვა თურქეთის მხარდაჭერა უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისთვის. რუბიომ შეშფოთება გამოთქვა თურქეთში ბოლოდროინდელ დაკავებებთან და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.
რუბიო ტელეფონით ესაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს
მხარეებმა განიხილეს საერთო ინტერესები, როგორც სტრატეგიული პარტნიორები. მდივანი მიესალმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ შეთანხმებას და ხაზი გაუსვა გრძელვადიანი მშვიდობის მნიშვნელობას რეგიონული კონფლიქტის ციკლის გასაწყვეტად და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მოსატანად. მდივანი და პრემიერი შეთანხმდნენ, რომ სამხრეთ კავკასიაში ნებისმიერი ფორმის ესკალაცია მიუღებელია.
რუბიო შეხვდა ბალტიისპირეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს
რუნიო ვაშინგტონში შეხვდა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნას, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟეს და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ კესტუტის ბუდრისს. რუბიომ ხაზი გაუსვა მჭიდრო კავშირს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და აშშ-ის ერთგულებას ბალტიისპირეთის უსაფრთხოების მიმართ. მდივანი მიესალმა მათ სერიოზულ წვლილს ევროპის კოლექტიური უსაფრთხოების სფეროში თავდაცვის ხარჯების გაზრდისა და ტვირთის გაზიარების გზით. მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-საქართველოს შორის ოფიციალური კომუნიკაცია არ ყოფილა. იმ ფონზე, რომ სახელმწიფო მდივანი რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლებს ესაუბრა, BM.GE დაინტერესდა, იყო თუ არა რაიმე ტიპის კომუნიკაცია რუსეთ-უკრაინას შორის შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის საკითზე საქართველოსთან. კითხვით შესაბამის უწყებებს მივმართავთ და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.