“მარტო ჩემი ჩვენების საფუძველზე არა, მაგრამ ჩემი, როგორც ერთ-ერთი ჩვენების საფუძველზე, კი ბატონო”, — ამის შესახებ ყოფილმა სანქცირებულმა ოცნების ხელისუფლების შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ყოფილი პრემიერმინისტრისა და შს მინისტრის, გიორგი გახარიას შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა. მისი თქმით, ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ოცნების ხელისუფლების შსს-ის მაღალი თანამდებობის პირებიც გამოიკითხებიან. “გამოძიების ფარგლებში ალბათ, შსს-ის მაღალი თანამდებობის პირების გამოკითხვაც დასჭირდებათ, ასევე უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის უფროსი შეიძლება დაიბარონ, ბევრი იქნება. მე მზად ვარ, თუ დანაშაული ჩავიდინე, პასუხი ვაგო. ჩემი სამშობლოსა და ხალხის წინაშე პირველ რიგში”, — განაცხადა გომელაურმა. შეგახსენებთ, რომ 14 ივნისს ვახტანგ გომელაურ ე.წ. ჩორჩანას საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მან განაცხადა, რომ ქართულ ოცნებას ჩორჩანას საგუშაგოს მშენებლობაზე ინფორმაცია არ ჰქონდა. “ჩვენ ინფორმაცია არ გვქონდა, პოსტ-ფაქტუმ გავიგეთ, გზის დამუშავება რომ დაიწყო, გზის გაყვანა, მოსწორება. პრემიერმინისტრი საქმის კურსში იყო თუ არა, არ იყო, როგორც ვიცი. ჩვენ მოვახსენეთ ეს, როგორც მე მახსოვს. ჩვენ რომ გავიგეთ, ვალდებული ვიყავი და ჩავაყენე პრემიერ საქმის კურსში […] შეიძლება, გახარია სულ რამდენიმე წელი იყო, მაგრამ მე 2013 წლიდან მოადგილე ვიყავი, ჩემი საკურატოროში შემოდიოდა განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტი, რომელიც პირდაპირ წინა ხაზზე დგას, შემდეგ სუს-ში გადავედი, მითუმეტეს ახლაც კიდე 5 წელზე მეტი მომიწია შს მინისტრად ყოფნა. ესე არ ხდებოდა, რომ რაღაც საფრთხე გაეგო შს მინისტრს და წავედი ახლა მე იქ საგუშაგო ჩავდგი, ასეთი რაღაცა დაუშვებელია, ამას შეიძლება ისეთი უბედურება მოჰყვეს… ეს არ შეიძლება რა თქმა უნდა სუს-ის, პირველ რიგში, პრემიერის გარეშე. როცა გავიგეთ, ინფორმაცია რომ იქ ტრაქტორები მუშაობდნენ და უნდა გაკეთებულიყო ახალი საგუშაგო, მე დავუკავშირდი და ვუთხარი რომ არ შეიძლებოდა ამის გაკეთება, რადგან შეიძლება მოჰყოლოდა ესკალაცია,” — თქვა გომელაურმა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაწყებული გამოძიება “2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედებას ეხება”. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით, “საბოტაჟის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე” მიმდინარეობს. “საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით დაბარებულ იქნა ვახტანგ გომელაური, რომელიც 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით იკავებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებების შესწავლა ასევე მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში, სადაც განმარტების მისაცემად იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომლის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას”, — ნათქვამია განცხადებაში. სოფელ ჩორჩანაში, ოკუპაციის ხაზთან ახლოს, პოლიციის საგუშაგო გიორგი გახარიას შს მინისტრობის დროს, 2019 წლის აგვისტოში აშენდა. მანამდე, 5 თვის განმავლობაში, გაჰყავდათ საგუშაგომდე მიმავალი გზა, რომელიც ჩორჩანის ტყეზე გადის. მიმდინარე წლის აპრილში ოცნების პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე დაბარებულ გიორგი გახარიას ამ საკითხზეც დაუსვეს კითხვები. წულუკიანის კომისიაში აცხადებდნენ, რომ გახარიამ თვითნებურად ააშენა საგუშაგო, რამაც ადგილზე ვითარების დაძაბა. გახარიას თქმით, “ყველამ ყველაფერი იცოდა”. “დასწრების პრინციპით გავაკეთეთ ის, რაც გავაკეთეთ… გავიყვანეთ, გავწმინდეთ გზა და გავაკეთეთ საგუშაგოები. პირველი შემთხვევა იყო, რომ დავიცავით ამხელა ტერიტორიები და საოკუპაციო ხაზი გადმოწეული არ არის”, — განაცხადა გახარიამ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. კომისიის წევრები გახარიას ედავებიან, რომ საგუშაგოს გახსნის გადაწყვეტილება არ იყო შეთანხმებული არც პრემიერთან და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის დროს გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცეპრემიერი და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი იყო. 2019 წლის 3 სექტემბერს კი ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ის პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა.
“მარტო ჩემი ჩვენების საფუძველზე არა, მაგრამ ჩემი, როგორც ერთ-ერთი ჩვენების საფუძველზე, კი ბატონო”
