“მარწყვის და ჟოლოს წარმოება შევწყვიტეთ”, – ამის შესახებ bm.ge-სთან ინტერვიუში კოოპერატივი “გილეს” ხელმძღვანელმა იზოლდა ქიტესაშვილმა განაცხადა და ძირითად მიზეზად თურქეთიდან მარწყვის დიდი რაოდენობით იმპორტი დაასახელა.
მისი თქმით, “გილე” იმპორტულ პროდუქციას კონკურენციას ვერ უწევს.
“მარწყვის და ჟოლოს წარმოება შევწყვიტეთ, რამდენადაც თურქეთიდან ძალიან დიდი რაოდენობით შემოდის მარწყვი და მარნეულიც კარგად მუშაობს, “პლანტას” აქვს სერიოზული სასათბურე მეურნეობა და უკვე აიღო ბაზარი”, – ამბობს იზოლდა ქიტესაშვილი.
“გილე” ამჟამად მაყვალს აწარმოებს და წელს 20 ტონა მაყვლის მოსავალს ელოდება.
აღსანიშნავია, რომ საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, ქვეყანაში 913 030 აშშ დოლარის ღირებულების 645 ტონა მარწყვი შემოვიდა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია, ვინაიდან 2024 წლის იანვარ-მარტში 1,3 მლნ აშშ დოლარის 982 ტონა მარწყვის იმპორტი დაფიქსირდა. საქართველოსთვის მარწყვის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია, რომელზეც წელს იმპორტის 97% მოდის, კიდევ ერთი ქვეყანა, საიდანაც წელს მარწყვი შემოვიტანეთ, საბერძნეთია 17 ტონით.