მასკი ტრამპის საბიუჯეტო პროექტს “ამაზრზენ საძაგლობას” უწოდებს

მასკი ტრამპის საბიუჯეტო პროექტს “ამაზრზენ საძაგლობას” უწოდებს
მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმის და მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებით, ის იმედგაცრუებულია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი ბიუჯეტის კანონპროექტით, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ უკვე მიიღო.

მასკის განცხადებით, ეს კანონპროექტი „ამაზრზენი საძაგლობაა“, რომელიც ამერიკის მთავრობის გაკოტრებას უწყობს ხელს და ყველა იმ კანონმდებელს უნდა რცხვენოდეს, ვინც მის მიღებას მხარი დაუჭირა.

„მომიტევეთ, მაგრამ მეტის ატანა აღარ შემიძლია. ეს არის გიგანტური, კოლოსალური, ძალით გაბერილი ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ამაზრზენი საძაგლობაა. მისი დამტკიცებით გიგანტური სამთავრობო დეფიციტი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რაც ამერიკელ მოსახლეობას ვალის სახით ტვირთად ზედ დააწვება. ამ პროექტით კონგრესი ამერიკის გაკოტრებას უწყობს ხელს და ყველას უნდა რცხვენოდეს, ვინც ამ ბიუჯეტის კანონპროექტს მხარს უჭერს“, – წერს ილონ მასკი საკუთარ სოციალურ ქსელში.

მასკის თქმით, ეს კანონპროექტი, რეალურად, ზრდის აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტს და იწვევს სახელმწიფო ვალის მატებას, რომელიც ისედაც რეკორდულ $36 ტრილიონს აღწევს. მილიარდერი მეწარმის განმარტებით, ეს კანონპროექტი სრულ წინააღმდეგობაშია იმ ყველაფერთან, რასაც DOGE-ის სახელით ცნობილი დეპარტამენტი ბოლო პერიოდის განმავლობაში ცდილობდა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი მომდევნო წლებში აშშ-ის სამთავრობო დეფიციტს $5 ტრილიონამდე გაზრდის, ამ თანხიდან $1 ტრილიონი კი ქვეყნის თავდაცვას მოხმარება, რომელიც 47-ე პრეზიდენტისათვის განსაკუთრებით პრიორიტეტული მიმართულებაა.

ზემოხსენებული კანონპროექტი მასკს საჯაროდ აქამდეც არაერთხელ გაუკრიტიკებია, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციიდან ოფიციალურად წამოსვლის შემდეგ, მისი რიტორიკა მეტად გამწვავდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *