“მაყვლის წარმოება მნიშვნელოვნად შემცირდა” – კოოპერატივი “გილე”

“მაყვლის წარმოება მნიშვნელოვნად შემცირდა” – კოოპერატივი “გილე”

კოოპერატივი “გილე” წელს 20 ტონა მაყვლის მოსავალს ელოდება. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი იზოლდა ქიტესაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, წლევანდელი მოლოდინები დადებითია და, სავარაუდოდ, წარმოებას სრულად ქართული ბაზარი აითვისებს.

ჩვენი გათვლებით, ველოდებით მინიმუმ 20 ტონა მაყვალს. საადრეო ჯიშები გავაშენეთ, ძველი ჯიშები ამოვიღეთ, რადგან ამ პერიოდში ძალიან ბევრი ხილია და გაყიდვები ძალიან ცუდად მიდიოდა, ფასიც ძალიან დაბალი ჰქონდა. ახლა მოსავლის აღებას დავიწყებთ ივნისის პირველ რიცხვებში. ვთვლი, რომ ბაზარი სრულად აითვისებს მოსავალს. ექსპორტისთვის საჭირო რაოდენობა არ გვაქვს.

რაც შეეხება მაყვლის ქვეყანაში წარმოებას, ძალიან დაეცა რაოდენობა, მოვლა ყველას ძალიან ადვილი ეგონა და ვერ მოუარეს, გაიჩეხა ძალიან ბევრი ბაღი… ჩვენც ახალ ჯიშებზე გადავედით, მაგრამ ხალხი ჯერჯერობით ვერ ბედავს გაშენებას, ცოტა რაოდენობებით აქვთ გაშენებული. ასე რომ, ჩემი გათვლებით, კარგი სეზონი უნდა გვქონდეს”, – აღნიშნა იზოლდა ქიტესაშვილმა.

რაც შეეხება ფასს, როგორც “გილეს” ხელმძღვანელმა გვითხრა, კილოგრამი მაყვლის ფასი შარშან, საშუალოდ, 8 ლარი იყო, ფერმერს კი 1კგ-ს წარმოება 5 ლარი უჯდება. იზოლდა ქიტესაშვილი აღნიშნავს, რომ “გილეს” უკვე ჰყავს საბითუმო მომხმარებლები.

კოოპერატივი “გილე” მარწყვსა და ჟოლოსაც აწარმოებდა, თუმცა შეაჩერა, რადგან, მისი თქმით, იმპორტულ პროდუქციას კონკურენციას ვერ უწევს.

მარწყვის და ჟოლოს წარმოება შევწყვიტეთ, რამდენადაც თურქეთიდან ძალიან დიდი რაოდენობით შემოდის მარწყვი და მარნეულიც კარგად მუშაობს, “პლანტას” აქვს სერიოზული სასათბურე მეურნეობა და უკვე აიღო ბაზარი”, – ამბობს იზოლდა ქიტესაშვილი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *