მეპურეები სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფქვილზე საიმპორტო გადასახადის გადახედვას სთხოვენ
პურის მცხობელები დარგობრივ სამინისტროს ფქვილის იმპორტზე დაწესებული გადასახადის გაუქმებას სთხოვენ. მიზეზად ბაზარზე გადასახადის გამო იმპორტირებული ფქვილის გაზრდილ ფასს და სხვადასხვა ხარისხის ფქვილზე ფინანსური ხელმისაწვდომობის შეზღუდვას ასახელებენ. პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ფქვილის იმპორტის დამაბალანსებელი გადასახადი ამოქმედდა, მეპურეებს რუსულ ფქვილზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდა, ამიტომ მწარმოებლები იძულებული არიან მხოლოდ ადგილობრივ წისქვილებში წარმოებული ფქვილი იყიდონ, რომლის ხარისხობრივი პარამეტრები მეპურეებისთვის არადამაკმაყოფილებელია.
„[დამაბალანსებელი გადასახადის შემოღებით] ფქვილის ფასები გაიზარდა და 1 ტომარა ფქვილი დღეს უკვე 58-59 ლარი ღირს. იძულებული ვართ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ფქვილი მივიღოთ. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ადგილობრივად წარმოებული ფქვილთან მიმართებით ვიტყვი, რომ უკეთესი ხარისხი გვინდა რომ იყოს. ხომ არ შეიძლება მიიღო ტომრით ფქვილი, რომლის სინესტე 15.5-ია?! – არა, არ შეიძლება. სინესტე 14.5-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან, აქ წარმოებულ ფქვილში შეფერილობის მაჩვენებელიც მაღალია.
ეს არის ბიზნესი. მე არავის არ ვეჯიბრები ხარისხში და არავის ვეუბნები, რომ მაინცდამაინც რუსული ფქვილი მინდა და ქართული არ მინდა, თუმცა ეს არის პროდუქტი, რომელიც საბოლოოდ მომხმარებლამდე უნდა მივიდეს, რომელიც ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს.
მივმართავ სამინისტროს, რომ გადახედოს ამ საკითხს. რა დაარქვეს ამ გადასახადს – დამაბალანსებელი და დააბალანსოს ორივე მხარე, ან სამივე მხარე – რა დააშავა ხორბლის მომყვანმა. აქ ყველა მხარის [ ხორბლის მწარმოებელი, წისქვილის, პურის მწარმოებელი] ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული.
აქ არავინ არავისთან იბრძვის. ეს დარგია, სადაც ყველას ინტერესები გასათვალისწინებულია. ჩვენ უნდა გვქონდეს იმის საშუალება, რომ სხვადასხვა ხარისხის ფქვილი ერთმანეთს შევურიოთ, ეს ტექნოლოგიური პროცესია, როდესაც სუსტი ფქვილია, ცოტა ძლიერ ფქვილს გადაურევენ და უკეთესი ხარისხი გამოდის. ცომიც უფრო ელასტიურია. რა საბაზრო ეკონომიკაზეა საუბარია, თუ ეს გვირეგულირეს“, – აცხადებს მალხაზ დოლიძე.
მისივე ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში რუსული, ყაზახური და ქართული ხორბლის შერევა და გადამუშავება ხდება და ერთი ხარისხის ფქვილი იწარმოება. „მეწარმეს კი როგორც ფასში, ასევე ხარისხში არჩევანი უნდა ჰქონდეს“, – აცხადებს გაერთიანების ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, იანვარ-მარტში საქართველომ 15.5 მლნ აშშ დოლარის 63,326 ტონა ხორბალი და მესლინი შეიძინა, რაც გასული წლის საანგარიშო პერიოდზე თანხაში 2.6%-ით მეტია, რაოდენობაში კი, 3%-ით.
რაც შეეხება ფქვილს, იმპორტი თანხაში 39.2%-ით 2.8 მლნ აშშ დოლარამდე, რაოდენობაში კი 50%-ით 9,247 ტონამდეა შემცირებული. მთავარი იმპორტიორი ტრადიციულად კვლავ რუსეთია.
ფქვილის იმპორტის შემცირების მიზეზი მთავრობის მიერ შემოღებული საიმპორტო გადასახადია, რომელიც იმპორტირებულ პროდუქტზე ქართველი მეხორბლეებისა და ადგილობრივი წისქვილების ხელშეწყობის მიზნით დაწესდა.
უფრო კონკრეტულად, აღნიშნული ბაჟი 2023 წლის ივნისიდან მოქმედებს და ტონაზე 50 ლარს შეადგენდა. მოგვიანებით, 2023 წლის 10 ოქტომბრიდან, 250 ლარამდე გაიზარდა. გადასახადის დაწესება, მეწარმეებისა და სამინისტროს განმარტებით განპირობებული იყო რუსეთის მიერ ხორბალზე საბაჟო გადასახადის დაწესებით, რამაც ფქვილის იმპორტი დრამატულად გაზარდა, ხორბლის კი შეამცირა. ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია მაშინ ამბობდა, რომ გადასახადი “თანაბარ პირობებს უზრუნველყოფდა”.