გამოცემების ცნობით, 75 წლის მერილ სტრიპი ფილმში მონაწილეობის თაობაზე პროდიუსერებს ესაუბრება. თავად ფილმი კი, რომლის სახელი, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, კლაივ სტეიპლზ ლუისის ცნობილი სერიის „ნარნიას ქრონიკების“ ერთ-ერთი წიგნზე — „ჯადოქრის დისშვილზე” იქნება ბაზირებული. თავად ეს წიგნი ქრონოლოგიურად პირველი, მაგრამ გამოცემის რიგით მეექვსე პუბლიკაცია იყო.
ასლანი, ნარნიას სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟია. ის ძლევამოსილი და თითქმის ყოვლისმცოდნე ლომია, რომელიც ხშირად ქრისტეს ალეგორიად მოიაზრება. „ჯადოქრის დისშვილის“ სიუჟეტი ორი ბავშვის, დიგორი კირკისა და პოლი პლამერის ირგვლივ ვითარდება, რომლებიც ჯადოსნურ სამყაროს დიგორის ბიძის, ენდრიუს მეშვეობით აღმოაჩენენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბიძის როლზე დენიელ კრეიგი განიხილება, თეთრი ჯადოქრის როლზე კი, შესაძლოა, მუსიკოსი ჩარლი ვიხილოთ.
ეს იქნება გრეტა გერვიგის პირველი ფილმი უაღრესად წარმატებული „ბარბის“ შემდეგ, რომელმაც მსოფლიოში $1.4 მილიარდზე დიდი შემოსავალი მიიღო. Netflix-მა ლუისის ნაწარმოებების ეკრანიზაციის უფლება 2018 წელს შეიძინა, ხოლო გერვიგი პროექტს 2020 წელს შეუერთდა. ფილმის მსოფლიო პრემიერა IMAX ფორმატში 2026 წლის ნოემბერში, მადლიერების დღის პერიოდში შედგება.