როგორც 9 აპრილს, გერმანიის ახალი კოალიციის ფორმირების პროცესის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, წესი, რომლის თანახმადაც გერმანიის მოქალაქეობის მიღებამდე 5 წლის განმავლობაში ქვეყნის რეზიდენტი უნდა იყო (აღნიშნული ვადა გასული წლის ივნისში შემცირდა 8-დან 5 წლამდე) კვლავ ძალაში რჩება, თუმცა იცლება დაჩქარებული წესით მოქალაქეობის მიღების პირობები.
მერცის განცხადებით, “3 წლის შემდეგ ე.წ. “ტურბო ნატურალიზაცია” ძალაში აღარ იქნება და მოქალაქეობის მიღება მხოლოდ 5-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
მიგრანტებისთვის დაჩქარებული ნატურალიზაციის 3-წლიანი ვადა “შუქნიშნის კოალიციამ” გასულ წელს, გერმანიის მოქალაქეობის მიღების წესების რეფორმის ფარგლებში შემოიღო. ცვლილება მიგრანტებს, რომლებიც გერმანულ ენას C1 დონეზე ფლობენ და სამსახურში, განათლებასა და საზოგადოებაში “განსაკუთრებული მიღწევები” აქვთ, საშუალებას აძლევდა, მოქალაქეობა 5-ის ნაცვლად 3 წელიწადში აეღოთ.
რეფორმას თავიდანვე მოჰყვა ქრისტიან-დემოკრატებისა და სოციალ-დემოკრატების კრიტიკა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ახალი წესით გერმანიის მოქალაქეობა “ღირებულებას კარგავდა”, მიგრანტებს კი მოქალაქეობის მიღების საშუალებას მანამ აძლევდა, ვიდრე ისინი ქვეყანაში სრულად ინტეგრირდებიან.
გერმანიის ახალი კოალიცია არ ცვლის ორმაგი მოქალაქეობის მიღებისა და გერმანიის მოქალაქესთან ოჯახის შექმნის შემთხვევაში ნატურალიზაციის მიღების წესებს.