ფრიდრიხ მერცი 5 ივნისს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება.
მედიის ცნობით, გერმანიისა და აშშ-ის ლიდერები, სხვადასხვა საკითხთან ერთად, უკრაინაში ომის დასრულებასა და ტარიფებზე იმსჯელებენ.
შეხვედრას მერცსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის უსიამოვნება უძღოდა წინ. კერძოდ, აშშ-ის ოფიციალური პირების კრიტიკა გერმანიის შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით — გერმანიის დაზვერვის მიერ ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარება. რის გამოც გერმანია გააკრიტიკეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა. პარტიის საერთაშორისო მხარდამჭერებს შორისაა ტრამპის მოკავშირე ელონ მასკიც.
საპასუხოდ, მერცმა განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენლებს ურჩევს, თავი შეიკავონ გერმანიის პოლიტიკაში ჩარევისგან. მისივე თქმით, ბერლინი ამერიკულ საარჩევნო კამპანიებში ჩარევას ყოველთვის ერიდებოდა და იგივე ელოდება პარტნიორებისგანაც.
„ჩვენ არ დავუჭირეთ მხარი არცერთ კანდიდატს. და გთხოვთ, რომ თქვენც ასევე მოიქცეთ“, – განაცხადა კანცლერმა.
მერცს და ტრამპს აქამდე მხოლოდ სატელეფონო კონტაქტი ჰქონდათ — მათ შორის, ბოლოს მაშინ, როცა კანცლერი კიევს ეწვია საფრანგეთისა და ბრიტანეთის ლიდერებთან ერთად.
კანცლერად არჩევის შემდეგ, მერცმა ტრამპს სავაჭრო ომის შეწყვეტისკენაც მოუწოდა და თქვა, რომ „ყველაფრის ნულიდან დაწყება“ შესაძლოა საუკეთესო გამოსავალი იყოს.